ჩვენი ქვეყნის პარლამენტის წევრები ძალადობას ახალისებენ, ეს რუსული სტილის პოლიტიკაა - პრეზიდენტი

14.06.24 20:14
ჩვენი ქვეყნის პარლამენტის წევრები ძალადობას ახალისებენ, ეს რუსული სტილის პოლიტიკაა - პრეზიდენტი

"ჩვენი ქვეყნის პარლამენტის წევრები ძალადობას ახალისებენ" - ამის შესახებ განცხადება საქართველოს მოქმედმა პრეზიდენტმა ათონელის რეზიდენციაში, შშმ პირებთან შეხვედრაზე გააკეთა.

სალომე ზურაბიშვილმა ე.წ. ტიტუშკების მიერ მოქალაქეებზე თავდასხმის ფაქტებს "რუსული სტილის პოლიტიკა" უწოდა და თქვა, რომ განხორციელებული სისხლიანი ანგარიშსწორებები ევროპულ ღირებულებებთან თანხვედრაში არ მოდის.

პრეზიდენტმა იმედი გამოთქვა, რომ საქართველო ევროპულ საგარეო კურსს დროულად დაუბრუნდება და ქვეყანაში თავისუფალი და განსხვავებული აზრის ძალადობრივი მეთოდებით ჩახშობა აღიკვეთება.

14 ივნისი საქართველოში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვის დღეა, თუმცა ღრმად მრწამს, რომ როცა ადამიანის უფლებებზე ვსაუბრობთ, არ შეიძლება შევეხოთ ერთ კატეგორიას და არა ზოგადად, ადამიანის უფლებებს, ამიტომ ამ დღეს მინდა გავაკეთო განცხადება იმაზე რაც ხდება დღეს ქვეყანაში და რაც ჩემთვის და დარწმუნებული ვარ, თითოეული თქვენგანისთვისაც მიუღებელია, რასაც ჰქვია ძალადობა, ძალადობა ახალგაზრდებზე, ძალადობა ადამიანებზე, რომლებიც თავიანთ აზრს გამოთქვამენ, თავიანთ პოზიციას გამოთქვამენ. არ არსებობს საზოგადოება, თუ თავისუფლად არ შეიძლება შენი საკუთარი პოზიციის დაფიქსირება და ისე, რომ არ გეშინოდეს, რომ ვინმე დაგხვდება ბნელ ქუჩაში და გაგისწორდება. მით უმეტეს, იმ პირობებში, როცა ჩვენი ქვეყნის პარლამენტის წევრები ამას ახალისებენ, ამართლებენ და ეს ერთგვარად, პოლიტიკად იქცა და მე არ შემიძლია ამ ქმედებების სხვაგვარად დახასიათება, თუ არა რუსული სტილის პოლიტიკა. ასეა რუსეთში, ასე გრძელდება წლებია, საკუთარი ოპონენტების წინააღმდეგ მიმართული ქცევა და ძალადობის გამოყენება. ეს არ არის ევროპა, ეს არ არის ევროპული ქმედებები, ეს არ არის ქართული ქმედებები. ამას საქართველოში ქართველი ვერანაირად ვერ გაამართლებს.

მინდოდა თქვენთვის ძალიან მკაფიოდ მეთქვა - თქვენი უფლებებიც არასოდეს იქნება დაცული, თუ ქვეყანაში ყველასი და ცალკეული ადამიანის უფლებები არ იქნება დაცული. ეს ინდივიდუალურად, თუ კოლექტიურად ჩვენი ღირსების საკითხია.

ვისურვებდი, რომ ჩვენ მალე დავუბრუნდეთ იმას, რაც ჩვენი ქვეყნის ღირსების ნიშანია, რომ ამ ქვეყანაში ყოველთვის იყოს დაცული სწორედ აზრის გამოთქმის თავისუფლება (თუნდაც ძალიან რთულ პერიოდებში); აზრის გამოთქმა და დაფიქსირება ყოველთვის იყო ქართველისთვის მისი ღირსების საზომი", - განაცხადა პრეზიდენტმა.

მსგავსი სიახლეები