ორგანიზაციებს სთხოვენ გაუგებარ გამჭვირვალობას, ვითომც ყველაფერი სხვა ამ ქვეყანაში გამჭვირვალე იყოს - პრეზიდენტი

14.06.24 20:31
ორგანიზაციებს სთხოვენ გაუგებარ გამჭვირვალობას, ვითომც ყველაფერი სხვა ამ ქვეყანაში გამჭვირვალე იყოს - პრეზიდენტი

"ორგანიზაციებს, რომლებმაც არ იციან, რა ბედი ეწევათ ხვალ, სთხოვენ გაუგებარ გამჭვირვალობას, ვითომც ყველაფერი სხვა ამ ქვეყანაში გამჭვირვალე იყოს" - ამის შესახებ განცხადება სალომე ზურაბიშვილმა, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებთან შეხვედრის დროს გააკეთა.

საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა სიტყვით გამოსვლის დროს რუსული კანონის დამტკიცების შემდეგ გამოწვეულ საფრთხეებთან დაკავშირებით ისაუბრა და პირდაპირ თქვა, რომ "ქართული ოცნების" საშიში კანონი ევროპულ სტანდარტებსა და ჩარჩოებს სცდება. 

პრეზიდენტის განცხადებით, ანტიდემოკრატიული კანონით თითოეული ადამიანის, მათ შორის, მოწყვლადი ჯგუფების უფლებები საგრძნობლად იზღუდება.

თქვენი უფლებები ასევე, ძალიან შეიზღუდა ამ ბოლო პერიოდში, იმის გამო, რომ მიღებული იქნა რუსული კანონი, რომელიც პირდაპირ ეწინააღმდეგება იმ საქმიანობას, რომელსაც ეწევიან ის ორგანიზაციები, რომლებმაც ამ ქვეყანაში ბოლო წლებში, ძალიან ბევრი გააკეთეს იმ სტანდარტების შემოსატანად, რათა შესაძლებელი ყოფილიყო მეტი ინკლუზიურობა და სხვადასხვა სერვისებზე მეტი წვდომა. 

ეს ყველაფერი ის საქმიანობაა, რასაც ეწეოდნენ ის ორგანიზაციები, რომლებმაც არ იციან რა ბედი ეწევათ ხვალ, რომლებსაც სთხოვენ რაღაც გაუგებარ გამჭვირვალობას, ვითომც ყველაფერი სხვა ამ ქვეყანაში გამჭვირვალე იყოს, ეს ყველაფერი პირდაპირ მიმართულია იმის საწინააღმდეგოდ, რომ ის ევროპული სტანდარტები, რომელიც ქვეყანაში ნელ-ნელა (და მე ვთვლი, რომ არასაკმარისად სწრაფად) შემოდიოდა რეალურად შეჩერდეს.

ჩვენ ვიცით რუსეთში რა ფორმით ებრძვიან შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებს და ეს არ არის ის სიტუაცია, რაც ჩვენ ჩვენი ქვეყნისთვის გვინდა. ამიტომ, დაცული უნდა იყოს ის უფლებები, რაც აქამდე მოვიპოვეთ და უნდა გავაგრძელოთ ამ უფლებების განვითარება და დაცვა, რომ ავიდეთ იმ დონემდე, რაც ევროპის ქვეყნებშია გავრცელებული, ვიყოთ იმ სტანდარტებზე, რომელიც ჩვენთვის ღირსების სტანდარტებია. 

მინდა, რომ ეს გისურვოთ დღეს. ჩვენ ერთად უნდა დავიცვათ ყველა უფლებები, თქვენი უფლებები და ყველა ადამიანის უფლებები ამ ქვეყანაში. ამას ემსახურებიან ის ორგანიზაციები, რომლებიც დღეს აქ არიან და რომლებიც ჩემს შემდეგ ჩემზე უფრო კარგად იტყვიან თავიანთ სათქმელს", - ამბობს პრეზიდენტი.

მსგავსი სიახლეები