ბერლინის კონფერენციაზე მოწვევა, თავდაპირველად, არა კობახიძემ, არამედ ღარიბაშვილმა მიიღო - დეკანოიძე

14.06.24 21:47
ბერლინის კონფერენციაზე მოწვევა, თავდაპირველად, არა კობახიძემ, არამედ ღარიბაშვილმა მიიღო - დეკანოიძე

მიიღო თუ არა "უკრაინის აღდგენის" კონფერენციაზე მოწვევა ირაკლი ღარიბაშვილმა - "ევროოპტიმისტების" ლიდერი, ხატია დეკანოიძე "პოლიტიკური ამბების" ეთერში აცხადებს, რომ ბერლინში ვიზიტზე მოწვევა, თავდაპირველად, ყოფილ პრემიერს, ღარიბაშვილს გაუგზავნეს.

ოპოზიციონერი პოლიტიკოსი განმარტავს, რომ ირაკლი კობახიძის გერმანიაში ჩასვლა "ქართულ ოცნებაში" მომხდარმა როტაციამ განაპირობა.

"გერმანელები არ არიან ის ადამიანები, რომ კობახიძეს კარებში ვინმე გადასდგომოდა" - ამბობს დეკანოიძე და იქვე დასძენს, რომ კონფერენციაზე ჩასულ რუსული კანონის მხარდამჭერ პრემიერს ევროპელ ლიდერებთან ორმხრივი შეხვედრები არ გაუმართავს.

ბერლინის კონფერენციაზე მოწვევა რამდენიმე თვით ადრე ღარიბაშვილს მიუვიდა. 2023 წელს ჩატარდა რეაბილიტაციის დიდი კონფერენცია უკრაინასთან დაკავშირებული და ამის შემდეგ უკრაინელების ინტერესი არის, რომ ყველა სახელმწიფომ მიიღოს მონაწილეობა და ეს მოსაწვევი მიუვიდა ღარიბაშვილის. ამის შემდეგ ივანიშვილმა პრემიერი გამოცვალა, კობახიძე მოვიდა და შემდეგ მოხდა რუსული კანონის ინიციირება. მე არ ვიცი, ღარიბაშვილი აპირებდა თუ არა კონფერენციაზე წასვლას. ავტომატურად მოხდა ჩანაცვლებითი ფორმა. გერმანელები არ არიან ის ადამიანები, რომ კობახიძეს კარებში ვინმე გადასდგომოდა. შემიძლია გითხრათ, რომ კობახიძეს არავინ არ დალაპარაკებია. ორმხრივი შეხვედრები არ ჰქონდა. მე არ ვიცი, დერეფანში ვის შეხვდა და ვის ესაუბრა, მაგრამ ეს არ ყოფილა შეხვედრები, სადაც უნდა განხილულიყო საქართველოს ევროინტეგრაცია", - ამბობს დეკანოიძე.

გერმანიის კანცლერი, დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, ევროკომისიის პრეზიდენტი - მსოფლიო ლიდერებმა უკრაინის აღდგენის კონფერენციაში მონაწილეობა მიიღეს.

გერმანიის კანცლერი, ოლაფ შოლცი, ევროკომისიის პრეზიდენტი, ურსულა ფონ დერ ლაიენი, დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, დევიდ კამერონი, უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი, დმიტრო კულება ორდღიან კონფერენციას დაესწრნენ, რომელიც ბერლინში, 11-12 ივნისს გაიმართა.

"უკრაინის აღდგენის კონფერენციაზე" საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ მსოფლიო ლიდერებს მრგვალი მაგიდის ფორმატში სიტყვით მიმართა.

ღონისძიების მთავარი მიზანი უკრაინის აღდგენის, რეკონსტრუქციის, რეფორმებისა და მოდერნიზაციისთვის საერთაშორისო მხარდაჭერის მობილიზება იყო. 

მსგავსი სიახლეები