შვეიცარიაში "მშვიდობის გლობალურ სამიტს" სალომე ზურაბიშვილი დაესწრება

15.06.24 00:02
შვეიცარიაში "მშვიდობის გლობალურ სამიტს" სალომე ზურაბიშვილი დაესწრება

შვეიცარიაში "მშვიდობის გლობალურ სამიტს", რომელიც 15-16 ივნისს გაიმართება, საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი დაესწრება - შვეიცარიის მთავრობა იმ ქვეყნების სიას აქვეყნებს, რომლებიც სამშვიდობო სამიტში იღებენ მონაწილეობას.

სამიტს მსოფლიოს 96 წარმომადგენელი და რვა საერთაშორისო ორგანიზაცია დაესწრება. 57 ქვეყანა წარმოდგენილი იქნება პრეზიდენტების, ვიცე-პრეზიდენტების და მთავრობის მეთაურების დონეზე, 29 ქვეყანა საგარეო საქმეთა მინისტრების დონეზე, ექვსი ქვეყანა ელჩების დონეზე (ამ უკანასკნელთა შორის არის ბრაზილია და ვატიკანი).

გავრცელებული ინფორმაციით ირკვევა, რომ შვეიცარიაში ამერიკის შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტი, საფრანგეთისა და პოლონეთის პრეზიდენტები, კანადის, დიდი ბრიტანეთის, იტალიისა და იაპონიის პრემიერ-მინისტრები, გერმანიის კანცლერი, საქართველოს პრეზიდენტი, ყატარის მთავრობის მეთაური, უნგრეთის, სერბეთის, საუდის არაბეთის და თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრები ჩავლენ. 

სამიტში ე.წ. გლობალური სამხრეთის ქვეყნების რამდენიმე ლიდერიც მიიღებს მონაწილეობას.

ლათინური ამერიკა წარმოდგენილი იქნება 11 ქვეყნით, აფრიკა კი 13-ით (მათ შორის კენიის, კოტ დ'ივუარის, განას, კაბო ვერდეს, ლიბიისა და სომალის პრეზიდენტები). აზიიდან შვეიცარიაში ათზე მეტი ქვეყნის წარმომადგენელი ჩავა. კონფერენციას არ დაესწრება ჩინეთი.

მსგავსი სიახლეები