თბილისში წყლის მიწოდება გრაფიკით მოხდება - GWP

17.06.24 16:13
თბილისში წყლის მიწოდება გრაფიკით მოხდება - GWP

წყალი გრაფიკით, დღეში მხოლოდ სამი საათით - თბილისის წყალმომმარაგებელი კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ (GWP) აცხადებს, რომ წიწამურთან ცენტრალურ წყალსადენზე დაზიანების აღმოსაფხვრელად საჭირო სამუშაოების მიმდინარეობისას თბილისში წყლის მიწოდება გრაფიკით მოხდება - ამის შესახებ განცხადება რამდენიმე წუთის წინ, GWP-ის წარმომადგენელმა გააკეთა. 

წყალგამანაწილებელ კომპანიაში აცხადებენ, რომ რეზერუარების შევსება ალტერნატიული საშუალებებით მოხდება, რის გამოც, ზოგიერთ უბანში წყალი მხოლოდ რამდენიმე საათით მოვა. 

კომპანიაში დაზუსტებით ვერ ამბობენ, როდის დასრულდება სამუშაოები. აცხადებენ მხოლოდ იმას რომ სამუშაოებს ხვალ დაიწყებენ და ეცდებიან, რომ უახლოეს პერიოდში დაასრულონ. 

ხვალ დილიდან ჩაირთვება რეჟიმი მომხმარებლებთან მიმართებაში, რაც ითვალისწინებს მინიმუმ სამსაათიან და მაქსიმუმ შვიდსაათიან მიწოდებას დღის განმავლობაში. ამ ყველაფერის თაობაზე ჩვენ დეტალურ ინფორმაციას მივაწვდით მომხმარებლებს. ეს იმას არ ნიშნავს, რომ ჩვენ აბსოლუტურად წყლის გარეშე ვტოვებთ მომხმარებლებს სამუშაოების წარმოების განმავლობაში.

ძალიან მოხარული ვიქნებოდი, რომ შემეძლოს იმის თქმა, რომ ამას დავიწყებთ ხვალ და ზეგ დავამთავრებთ, თუმცა, სირთულიდან გამომდინარე, არ მინდა ვინმე შეცდომაში შევიყვანო, ამიტომ აღვნიშნავ, რომ სამუშაოები დაიწყება ხვალ და დასრულდება შესაძლოდ მაქსიმალურად მოკლე ვადაში. დღესვე მიიღებენ მოქალაქეები ტექსტურ შეტყობინებებს., - ამბობს GWP-ის აქტივების მართვის დირექტორი, გიგა ნადირაძე.

თითქმის 24 საათი გავიდა მას შემდეგ, რაც სოფელ წიწამურთან თბილისის წყალმომარაგების ერთ-ერთი მთავარი კვანძი დაზიანდა.

ვაკე-საბურთალოსა და გლდანში წყლის მიწოდება გუშინ შეწყდა. 

ასევე ნახეთ: 

მსგავსი სიახლეები