მერია: თბილისში წყალმომარაგება სრულად, მაქსიმუმ ერთი კვირაში აღდგება

18.06.24 11:17
მერია: თბილისში წყალმომარაგება სრულად, მაქსიმუმ ერთი კვირაში აღდგება

წყალმომარაგება სრულად მაქსიმუმ ერთი კვირა დასჭირდება- ამის შესახებ თბილისის მერის მოადგილემ, ირაკლი ბენდელიანმა კახი კალაძისა და კომპანია GWP-ის წარმომადგენლების შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.

მისი თქმით,  ამ დროისთვის 63 ათას აბონენტს წყალი გრაფიკით მიეწოდება.

„მოსახლეობის გარკვეულ ნაწილს წყალმომარაგება შეფერხებით მიეწოდება, ამის მიზეზი არის საგურამოში წარმოქმნილი ბუნებრივი პროცესები, რამაც დააზიანა სასმელი წყლის მაგისტრალი. ბუნებრივია, თავიდანვე, როცა ეს ფაქტი დადგა, მოხდა რეაგირება კომპანიის მხრიდან. შესაბამისი ჯგუფები ადგილზე მუშაობენ 24-საათიან რეჟიმში. დღეის მდგომარეობით, 63 ათას აბონენტს გრაფიკით მიეწოდება სასმელი წყალი. გარდა ამისა, მოსახლეობის მოთხოვნის შემთხვევაში მოხდება შესაბამისი რეზერვუარების საშუალებით წყლის მიწოდება. თვითონ ეს 63 ათასი აბონენტი მაქსიმუმ ერთი კვირის მანძილზე მიიღებს გრაფიკით სასმელ წყალს. სწორედ ეს ვადა იქნება საჭირო, რომ სრულად აღდგეს მიმდინარე არსებული მდგომარეობა“, - განაცხადა ბენდელიანმა.

GWP-ის გენერალური დირექტორის განცხადებით, დაზიანებული მაგისტრალის აღდგენის სამუშაოები 24-საათიან რეჟიმში ხორციელდება და უკვე არსებული გეგმის თანახმად, არაუგვიანეს ერთ კვირაში დასრულდება.

მისივე თქმით, ამ ხნის განმავლობაში, 63 000 აბონენტთან დაწესებულია წყლის მიწოდების სპეციალური რეჟიმი. 

გიგა ნადირაძის განცხადებით, წიწამურთან სმუშაოები გუშინ, 23:00 საათიდან დაიწყო.

63 ათასამდე მომხმარებელთან მიმართებით დაწესებულია სპეციალური რეჟიმი და მომხმარებელს მივაწოდეთ ინფორმაცია როგორც ინდივიდუალურ რეჟიმში, ისე SMS-ების სახით. ასევე გავაზიარეთ ეს ინფორმაცია სხვადასხვა მედიასაშუალებების საშუალებით, თუ რა პერიოდში ვინ მიიღებდა წყალს. სპეციალური რეჟიმი ეხება მხოლოდ 63 ათას აბონენტს, მათ, ვინც მიიღო სპეციალური შეტყობინება. ვისთანაც შეტყობინება არ მისულა, მათზე ეს რეჟიმი არ ვრცელდება“, - თქვა გიგა ნადირაძემ.

სოფელ წიწამურის მიმდებარედ თბილისის წყალმომარაგების სისტემის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ცენტრალური მაგისტრალური წყალსადენი, რომლის საშუალებითაც თბილისისა და ქალაქ მცხეთის მიმართულებით სასმელი წყლის ტრანსპორტირება ხდება, ავარიულად გათიშულია. 

დედაქალაქის მოსახლეობის დიდ ნაწილს, წყალი გრაფიკით მიეწოდება. 

მსგავსი სიახლეები