უწყლოდ დარჩენილი თბილისი - რა გამოსავალს ხედავს "ლელო"
ცინიკური და გულგრილი დამოკიდებულება, რომელმაც 500 000 თბილისელი სასმელი წყლის გარეშე დატოვა წლის ყველაზე ცხელ და რთულ პერიოდში - ასე აფასებს დედაქალაქში შექმნილ კრიზისს "ლელოს" ერთ-ერთი ლიდერი საბა ბუაძე.
საკრებულოს წევრი ამბობს, რომ მაშინ, როდესაც საზოგადოება დარჩენილია სასმელი წყლის გარეშე, მოსახლეობა მერიისა და წყალმომარაგების კომპანიის მხრიდან ურთიერთგადაბრალების პოლიტიკას ხედავს, რეალურად კი არც ერთი მხარე არ საუბრობს, რამ გამოიწვია კრიზისი:
მაშინ, როდესაც საზოგადოება დარჩენილია სასმელი წყლის გარეშე ჩვენ ვისმენთ ქალაქის ყველაზე კორუმპირებული მერისგან და ერთ-ერთი ყველაზე უპასუხისმგებლო კომპანიისგან ერთმანეთზე გადაძახებას და გადაბრალებას.
რეალურად, არავინ საუბრობს იმაზე, რამ გამოიწვია ის პრობლემა, რომელმაც ასეთი დიდი კრიზისი შექმნა თბილისის წყალმომარაგების სისტემაში"- განაცხადა საბა ბუაძემ საგანგებო ბრიფინგზე.
მისივე თქმით, მიუხედავად იმისა, რომ 2021 წელს წყალმომარაგების ტარიფი გაიზარდა, ეს მისი მიწოდების ხარისხზე არ ასახულა. პირიქით, საბა ბუაძის განცხადებით, გახშირდა ავარიულ გამორთვები.
ჩვენ სისტემატურად ვიღებთ ისეთ ავარიულ გამორთვებს, რომელთა ჯამური რაოდენობა შეადგენს წლის განმავლობაში 10-დან 15 დღემდე, ანუ 500 საათამდე არის ჯამურიო რაოდენობა, ავარიული გამორთვების, რაც არის კატასტროფული მაჩვენებელი და რაც არის იმ დანაშაულებრივი გულგრილობის კიდევ ერთი გამოხატულება, რომლითაც GWP, სემეკი და თბილისის მერია თბილისელებს ექცევა, როდესაც წყალმომარაგებაზეა საუბარი.
როდესაც ვსაუბრობთ იმაზე სად უნდა წავიდეს საქართველო, უნდა ვიცოდეთ, რომ ჩვენი ქსელის მაჩვენებელი 100%ით ჩამორჩება იმ საშუალო მაჩვენებელს, რომელიც არის ევროკავშირში. ესეც არის კიდევ ერთი ნათელი გამოხატულება იმისა, რამდენად მძიმე მდგომარეობაში ვართ."- აღნიშნავს ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი.
რაც შეეხება სოფელი წიწამურის მიმდებარედ, თბილისის წყალმომარაგების სისტემის ერთ-ერთი ცენტრალური მაგისტრალური წყალსადენი ავარიულად დაზიანების ფაქტს, საკრებულოს წევრი თბილისის მერიისა და ზედამხედველობის პასუხისმგებლობაზე ამახვილებს ყურადღებას და ამბობს, რომ საქმე გვაქვს "პანაშაულებრივ უპასუხისმგებლობასთან".
ჩვენ ვხედავთ, რომ ძალიან სერიოზული კრიზისი გამოიწვია დანაშაულებრივმა უპასუხისმგებლობამ - 230 000 კუბური მეტრი მიწა და სამშენებლო მასალები დააყარეს სტრატეგიული მნიშვნელობის მაგისტრალს ისე, რომ არავინ არის პასუხისმგებელი ამაზე, მაშინ, როცა ზედამხედველობითი ორგანოები, მუნიციპალიტეტი, გარემოს დაცვითი ორგანოები პირდაპირ უნდა აკონტროლებდეს ასეთ შემთხვევებს.
ჩვენ ვნახეთ რომ დიდი ხნის განმავლობაში სახელმწიფო ტერიტორიაზე მოიყარა თავი სამშენებლო ნაგავმა, რომელმაც დააზიანა სტრატეგიული მნიშვნელობის ქსელი" - ამბობს ბუაძე.
დეპუტატი მძიმე მდგომარეობიდან გამოსავლის ერთ-ერთ მთავარ მიზეზად ნტიკრიზისული გეგმის შემუშავებას ასახელსბს.
ამასთან, საბა ბუაძის თქმით, აუცილებელია, მომხმარებელთა ინტერესების დამცველმა გააკეთოს განმარტებები კრიზისთან დაკავშირებით.
ამიტომაც ჩვენ ვამბობთ, რომ გამოსავალი ამ სიტუაციიდან არის ანტიკრიზისული გეგმის შემუშავება, რომლის ნაწილი უნდა იყოს რეზერვუარების შექმნა, იმ რეზერვუარების, რომლებიც გაყიდული იქნა, რომელიც 2019 წელს თბილისის მერიის თანამონაწილეობით ჩამოეწერა, როგორც ვალდებულება GWP-ის, რომელიც ასევე არის დანაშაული ჩვენი ქალაქის წინაშე და ასევე გვინდა მივმართოთ მომხმარებელთა ინტერესების დამცველს, გააკეთოს განმარტებები შექმნილ კრიზისთან დაკავშირებით.
ეს არის აუცილებელი იმისთვის, რომ თბილისელებმა იცოდნენ, რამ გამოიწვია ეს ყველაფერი, ვისზეა პასუხისმგებლობა და ამავდროულად რა უნდა იყოს ამ სიტუაციიდან გამოსავალი. იმისთვის რომ ჩვენ მუდმივად არ ვიყოთ ასეთ კრიზისულ და სტრესულ სიტუაციაში, აუცილებელია, არსებობდეს კონკრეტული გეგმა თუ რა უნდა მოხდეს ისეთ შემთხვევებში, როცა ზიანდება მაგისტრალური, სტრატეგიული მნიშვნელობის ქსელები"- თქვა მან.
გუშინ, 17 ივნისს, ცნობილი გახდა, რომ სოფელი წიწამურის მიმდებარედ, თბილისის წყალმომარაგების სისტემის ერთ-ერთი ცენტრალური მაგისტრალური წყალსადენი ავარიულად დაზიანდა. წყალსადენი სასმელი წყლით ამარაგებს ქალაქ მცხეთას, თბილისში ვაკე-საბურთალოს და გლდანის რაიონების ნაწილს.
დედაქალაქს წყალი 3-7-საათიანი გრაფიკით მიწოდება