"კანდიდატი არსებობს" - ვინ შეცვლის ირაკლი შოთაძეს?
ვინ აღმოჩნდება ირაკლი შოთაძის ადგილმონაცვლე? - მთავარი საგამოძიებო უწყება ქვეყნის პირველი გამომძიებლის გარეშე მას შემდეგ დარჩა, რაც შოთაძემ თანამდებობა მოულოდნელად დატოვა.
"პირველები" შეეცადა, გაერკვია, ჰყავს თუ არა ივანიშვილის გუნდს შერჩეული ახალი მთავარი პროკურორი. პარლამენტის ვიცე-სპიკერმა დღეს "პირველების" საპასუხოდ დაადასტურა, რომ გუნდს კანდიდატი უკვე შერჩეული ჰყავს, და მას მედია "საჭირო დროს, საჭრირო ადამიანისგან გაიგებს".
არსებობს კანდიდატი, ამ კანდიდატთან დაკავშირებით მე არ მაქვს უფლება-მოსილება რაიმე ვილაპარაკო. ამის შესახებ თქვენ გაიგებთ საჭირო დროს, საჭირო ადამიანისგან... არის მსჯელობა, მსჯელობა მიმდინარეობს ამასთან დაკავშირებით... არსებობს გარკვეული მოსაზრებები. ამა თუ იმ მოსაზრებებთან დაკავშირებით იქნება საბოლოო გადაწყვეტილება მიღებული, თქვენ ამის თაობაზე გაიგებთ. "- უთხრა "პირველებს" გია ვოლსკიმ.
"ქართული ოცნების" წევრმა დღეს დეტალებზე არ ისაუბრა, დეპუტატი დამაზუსტებელმა კითხვებმა გააღიზიანა.
"არა სააკაშვილთან მიმდინარეობს (მსჯელობა)... მსჯელობა მიმდინარეობს უმრავლესობაში, რა კითხვაა. აბა მელაძესთან მიმდინარეობს?! "- დასძინა ვოლსკიმ.
ამასთან, რამდენიმე წუთის წინ, ცნობილი გახდა, რომ საპროკურორო საბჭოს საქართველოს გენერალური პროკურორის ვაკანტურ თანამდებობაზე კანდიდატი, ლალი ბუნტური წარუდგინეს. აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმაციას საპროკურორო საბჭო ავრცელებს.
მათი ცნობით, იურისტი და ადვოკატი ლალი ბუნტური მოქალაქეთა პოლიტიკურმა გაერთიანება „საქართველომ” წარმოადგინა.