"ოცნებამ" განდევნა ამერიკული ინვესტორები და ანაკლიის პორტი ჩინურ კომპანიას ჩააბარა - ბოკუჩავა
"ივანიშვილის ხელისუფლებამ განდევნა ამერიკული ინვესტორები და ანაკლიის პორტი ჩინურ კომპანიას ჩააბარა" - ამის შესახებ განცხადება "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ გააკეთა.
ბოკუჩავას თქმით, ანაკლიის პორტის ჩინური კომპანიისთვის ჩაბარება იმის მაჩვენებელია, რომ "ოცნების" პირობებში საქართველოს საერთაშორისო იზოლაცია ემუქრება.
ანაკლიის პორტს ჰქონდა პოტენციალი, რომ ფუნდამენტური ტრანსფორმაცია მოეხდინა საქართველოს სტრატეგიული ეკონომიკური მნიშვნელობის. თუმცა ნაცვლად დასავლური და ამერიკული ინვესტიციებისა, ივანიშვილის ხელისუფლებამ ანაკლიის პორტის განვითარება ჩააბარა ჩინურ კომპანიას და ამით ასევე შეზღუდა მისი შესაძლებლობა, რომ გახდეს მთავარი სატრანსპორტო ლოჯისტიკური ჰაბი ევროპული ტვირთებისთვის და გახსნა ძალიან დიდი საფრთხე იმის, რომ ანაკლიის პორტი მოემსახუროს რუსულ, სანქცირებულ ტვირთებს, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას, რომ ივანიშვილის ხელისუფლების პირობებში საქართველოს ემუქრება საერთაშორისო იზოლაცია და მიბმა რუსეთზე და სხვა ავტოკრატიულ რეჟიმებზე, ნაცვლად იმისა, რომ მოხდეს ჩვენი ინტეგრაცია დასავლეთთან, მათ შორის ეკონომიკური თვალსაზრისით.
ჯერ კიდევ წინა ადმინისტრაციის პირობებში, ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის ვიზიტისას, მისი მხრიდან ძალიან ღიად ითქვა, რომ ამერიკული ინვესტორების განდევნა ანაკლიიდან და მათი ჩანაცვლება იმ ქვეყნების წარმომადგენელი ინვესტორებით, რომლებიც საქართველოს მეგობრები არ არიან იყო ძალიან დიდი სტრატეგიული შეცდომა.
ეს იყო გაფრთხილება, რომელიც არ შეისმინა ივანიშვილის ხელისუფლებამ და გააკეთა ზუსტად ეს - განდევნა ამერიკული ინვესტორები და ჩააბარა ანაკლიის პორტი ჩინურ კომპანიას, რომლის საკონტროლო პაკეტს ფლობს თავად ჩინეთის კომუნისტური ხელისუფლება.
ყველას კარგად გვესმის რამხელა საფრთხეებს ქმნის ეს საქართველოსთვის, როგორც ეკონომიკური , ასევე სტრატეგიული თვალსაზრისით.“ - განაცხადა თინა ბოკუჩავამ.