"ლელო" ნარკოტიკების წინააღმდეგ ბრძოლის კამპანიას იწყებს - პარტიამ 9-პუნქტიანი სამოქმედო გეგმა წარადგინა
პარტია "ლელო საქართველოსთვის" ნარკოტიკების წინააღმდეგ ბრძოლის კამპანიას იწყებს - საბა ბუაძემ საგანგებო ბრიფინგზე 9-პუნქტიანი გეგმა წარადგინა და საქართველოში არსებული მძიმე სიტუაციის შესახებ ისაუბრა.
ოპოზიციური პარტია ნარკოტიკული საშუალებების რეალიზატორებთან უკომპრომისო ბრძოლას აანონსებს.
სამოქმედო გეგმის მეორე პუნქტის თანახმად, "ლელო" მოითხოვს, რომ მაღალი პოლიტიკური თანამდებობის პირებისთვის რეგულარული ნარკოტესტირების ჩატარება სავალდებულო გახდეს.
საქართველოში რუსული სპეცოპერაციის პარალელურად ჩვენ ქვეყანაში მძვინვარეს ნარკოეპიდემია, რომელიც გამოწვეული არის ამ ხელისუფლების გულგრილობით, თანამონაწილეობით და რუსული ტიპის ნარკოპოლიტიკით. ამ მზარდი პრობლემის საპასუხოდ, ჩვენ დღეს ვიწყებთ ნარკოტიკების წინააღმდეგ ბრძოლის კამპანიას და შევიმუშავეთ 9-პუნქტიანი გეგმა, რომელსაც ახლა გთავაზობთ ამ უდიდესი პრობლემის გასამკლავებლად"- თქვა პოლიტიკოსმა.
ლელოს 9-პუნქტიანი გეგმა ნარკოპოლიტიკაზე:
- ნარკოტიკული საშუალებების რეალიზატორებთან უკომპრომისო ბრძოლა და სასჯელის გამკაცრება;
- მაღალი პოლიტიკური თანამდებობის პირების რეგულარული ნარკოტესტირება;
- ნარკოტიკული ნივთიერებების მოხმარების დეკრიმინალიზაცია;
- რუსეთის მოქალაქეებისთვის სავიზო რეგულაციის დაწესება;
- პირველადი პრევენციის ინსტიტუციური მექანიზმების დანერგვა;
- დასჯიდან მზრუნველობა/პრევენციაზე გადასვლა;
- სააფთიაქო ნარკომანიასთან ბრძოლა;
- ნარკოდამოკიდებული პირებისთვის სამკურნალო და სარეაბილიტაციო რეგიონალური ცენტრების შექმნა;
- საკანონმდებლო რეგულაციების შემუშავების პროცესში ნარკოლოგიის და ზოგადად ადიქტოლოგიის პროფესიონალური ასოციაციების და ექსპერტების ჩართვა".