მარგველაშვილი თვლის, რომ "ოცნება" ევროკავშირმაც უნდა დაასანქციროს
საქართველოს მეოთხე პრეზიდენტი, გიორგი მარგველაშვილი ფიქრობს, რომ შეერთებული შტატების მსგავსად, "ქართული ოცნების" წევრების დასანქცირების გადაწყვეტილება, ევროკავშირმაც უნდა მიიღოს.
მისი თქმით, მმართველ პარტიამ საკუთარი ქვეყნის ისტორიას უღალატა და ქვეყანა დასავლეთიდან ჩრდილოეთისკენ მიჰყავს:
საქართველო არის მსოფლიოსთვის შოკის მიზეზი, იმიტომ რომ ასეთი სიგიჟე, საკუთარი ქვეყნის ისტორიას თავიდან ბოლომდე უღალატო და შეცვალო კურსი შენი დამპყრობლის მიმართ 2 დღეში, ფაქტობრივად ისტორიას არ ახსოვს"- თქვა მარგველაშვილმა.
საქართველოს მეოთხე პრეზიდენტი აღნიშნავს, რომ საერთაშორისო პარტნიორებმა ნათლად დაინახეს ის ხიდჩატეხილობა, რომელიც ხელისუფლებასა და ხალხს შორის არსებობს.
ქვეყანა არ არის ჩვენი ხელისუფლება, ეს ხშირად არ ესმით ხელისუფლებებს და ისინი საუბრობენ საკუთარ თავზე, როგორც საუბრობდა ლუდოვიკო, რომ ის არის თვითონ სახელმწიფო. არა, ეს ჩვენს პარტნიორებს კარგად ესმის, რადგან კარგად დაანახა ქართველმა საზოგადოებამ გახლეჩილობა, ხიდჩატეხილობა ხელისუფლებასა და საზოგადოებას შორის"- განმარტა მან.
მისივე თქმით, ამ მოცემულობაში ამერიკელმა პარტნიორებმა ძალიან ნათელი არჩევანი ჩამოაყალიბეს თეთრსა და შავს შორის.
ან ისინი გვიხსნიან ძალიან საინტერესო შესაძლებლობებს, თუ ჩვენ ისევ დასავლურ გზაზე დავბრუნდებით, ან ისინი სჯიან პირადად იმ ადამიანებს, ვინც ეს მიმართულება შეცვალა. იმედი მაქვს რომ, იგივე ფორმატი იქნება განხილული ჩვენი ევროპელი პარტნიორების მიერ - სანქციები ერთის მხრივ ინდივიდუალური, ხოლო მეორეს მხრივ შესაძლებლობები" - თქვა გიორგი მარგველაშვილმა.