20 ივნისზე კითხვებს პასუხი გიორგი გახარიამ უნდა გასცეს - ღუდუშაური

20.06.24 13:24
20 ივნისზე კითხვებს პასუხი გიორგი გახარიამ უნდა გასცეს - ღუდუშაური

"ქართულ ოცნებას" ისრები გიორგი გახარიასკენ გადააქვს - რუსული კანონის მხარდამჭერი დეპუტატი, ალუდა ღუდუშაური გავრილოვის სისხლიან ღამეზე სრულ პასუხისმგებლობას ყოფილ პრემიერს აკისრებს.

მმართველი გუნდის წარმომადგენელი ამბობს, რომ 2019 წლის 20 ივნისს შინაგან საქმეთა მინისტრი გახარია იყო, ამიტომ მომხდართან დაკავშირებით არსებულ კითხვებს მხოლოდ მან უნდა გასცეს პასუხი.

ღუდუშაური ანტისაოკუპაციო აქციის მონაწილეების წინააღმდეგ რეზინის ტყვიების გამოყენებასა და მოქალაქეებისთვის თვალების დათხრისთვის ივანიშვილის ხელისუფლების ბრალეულობას ვერ ხედავს.

შინაგან საქმეთა სამინისტრო არის პირი, რომელიც ხელმძღვანელობს, ან უნდა ხელმძღვანელობდეს. ხელმძღვანელობდა თუ არა, ან ვინ ხელმძღვანელობდა რაც თქვენ დასვით, ამ კითხვებზე პასუხი ბატონმა გახარიამ უნდა გასცეს. არ პასუხობს? ცუდია თუ არ პასუხობს. შეაფასებს ხალხი. მე რომ გამოძიების დეტალები ვიცოდე, ეს იქნებოდა პრობლემა ჩემი მხრიდან. ნაციონალი, ან კოლექტიური "ნაციონალური მოძრაობის" წევრი ხომ არ ვარ, რომ ხელაღებით ვიღაცის დაჭერა, არდაჭერაზე ვილაპარაკო. ეს მათი ხელწერაა. იმათი ხელწერაა, ვისთანაც ბატონი გახარია ცდილობს, რომ პოლიტიკურ ქორწინებაში შევიდეს. თუ რაიმე კითხვა გაგაჩნიათ ამასთან დაკავშირებით, ვინ რას აკეთებდა, ვის რა როლი ჰქონდა, ვინც იყო შინაგან საქმეთა მინისტრი მაგ დროს კარგად გახსოვთ ხომ? ხო და ახლა ადექით და დაუსვით ბატონ გახარიას ეს კითხვები", - ამბობს ღუდუშაური.

გავრილოვის სისხლიანი ღამიდან 5 წელი გავიდა - 2019 წლის 19 ივნისს "ქართულმა ოცნებამ" საპატიო რანგში ოკუპანტი ქვეყნის დეპუტატი ჩამოიყვანა და საქართველოს პარლამენტში დასვა.

რუსეთის დუმის კომუნისტური პარტიის დეპუტატის, სერგეი გავრილოვის საქართველოში ვიზიტს და პარლამენტის თავმჯდომარის სავარძლიდან სხდომის რუსულ ენაზე წაყვანის მცდელობას საზოგადოების მძლავრი პროტესტი მოჰყვა.

ხუთი წლის წინ, 20-21 ივნისის ღამეს, საქართველოს ხელისუფლებამ მშვიდობიან მომიტინგეებს თვალები დათხარა და მათ წინააღმდეგ წყლის ჭავლი, რეზინის ტყვიები და ცრემლსადენი გაზი გამოიყენა.

საპროტესტო აქციაზე 300-ზე მეტი მოქალაქე დააკავეს. ათობით ადამიანი დაშავდა და მათგან კლინიკაში 240 ადამიანი გადაიყვანეს. დაშავებულთა შორის 38 ჟურნალისტია, ხოლო 80 სამართალდამცველი. რამდენიმე მოქალაქემ, კერძოდ, მაკო გომურმა, გიორგი სულაშვილმა, კობა ლეთოდიანმა რეზინის ტყვიების შედეგად თვალი დაკარგეს.