"20 ივნისს ბრძანება გახარიას არ გაუცია" - ყოფილი პრემიერის გუნდი

20.06.24 13:41
"20 ივნისს ბრძანება გახარიას არ გაუცია" -  ყოფილი პრემიერის გუნდი

პარტია "საქართველოსთვის" წევრები ამტკიცებენ, რომ გიორგი გახარიას 2019 წლის 20 ივნისს  მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ დარბევისა და რეზინის ტყვიების გამოყენების ბრძანება არ გაუცია.

ყოფილი პრემიერის გუნდის წარმომადგენელი, ბექა ლილუაშვილი აცხადებს, რომ გახარიამ ივანიშვილის ხელისუფლება 2021 წლის დასაწყისში დატოვა, ამიტომ გავრილოვის სისხლიანი ღამის გამოძიებაზე პასუხისმგებლობას "ქართულ ოცნებას" აკისრებს.

ბრძანების გაცემასთან მიმართებით ჩვენ, მათ შორის, გახარიას ბევრჯერ უსაუბრია. გახარიას ბრძანება არ გაუცია და ეს სახალხო დამცველის ანგარიშშიც არის. მეტ სიახლეს მე ვერაფერს ვერ გეტყვით. ამ საქმესთან დაკავშირებით გამოძიება მიმდინარეობდა. 2020 წლის ბოლოს, 2021 წლის დასაწყისში ჩვენ წამოვედით ხელისუფლებიდან. ეს გამოძიება სად წავიდა, რა შედეგამდე მივიდა, მე ამას ვერ გეტყვით, ეს "ქართული ოცნების" პასუხისმგებლობაა", - ამბობს ლილუაშვილი.

გავრილოვის სისხლიანი ღამიდან 5 წელი გავიდა - 2019 წლის 19 ივნისს "ქართულმა ოცნებამ" საპატიო რანგში ოკუპანტი ქვეყნის დეპუტატი ჩამოიყვანა და საქართველოს პარლამენტში დასვა.

რუსეთის დუმის კომუნისტური პარტიის დეპუტატის, სერგეი გავრილოვის საქართველოში ვიზიტს და პარლამენტის თავმჯდომარის სავარძლიდან სხდომის რუსულ ენაზე წაყვანის მცდელობას საზოგადოების მძლავრი პროტესტი მოჰყვა.

ხუთი წლის წინ, 20-21 ივნისის ღამეს, საქართველოს ხელისუფლებამ მშვიდობიან მომიტინგეებს თვალები დათხარა და მათ წინააღმდეგ წყლის ჭავლი, რეზინის ტყვიები და ცრემლსადენი გაზი გამოიყენა.

საპროტესტო აქციაზე 300-ზე მეტი მოქალაქე დააკავეს. ათობით ადამიანი დაშავდა და მათგან კლინიკაში 240 ადამიანი გადაიყვანეს. დაშავებულთა შორის 38 ჟურნალისტია, ხოლო 80 სამართალდამცველი. რამდენიმე მოქალაქემ, კერძოდ, მაკო გომურმა, გიორგი სულაშვილმა, კობა ლეთოდიანმა რეზინის ტყვიების შედეგად თვალი დაკარგეს.