"გავრილოვის ღამის" შემდეგ ივანიშვილის რეჟიმი და რუსული ინტერესები უფრო გაძლიერდა - სალომე სამადაშვილი

20.06.24 14:05
"გავრილოვის ღამის" შემდეგ ივანიშვილის რეჟიმი და რუსული ინტერესები უფრო გაძლიერდა - სალომე სამადაშვილი

"ხუთი წლის წინ კობახიძეს პარლამენტის თავმჯდომარის პოსტიდან გადადგომა მოუწია, დღეს კი პრემიერია, რაც აჩვენებს იმას, რომ ამ დროის განმავლობაში ივანიშვილის რეჟიმი და რუსული ინტერესები უფრო გაძლიერდა" - ამის შესახებ განცხადება "ლელო საქართველოსთვის" წევრმა, სალომე სამადაშვილმა გააკეთა.

ოპოზიციონერი პოლიტიკოსის თქმით, გავრილოვის სისხლიან ღამესთან დაკავშირებით ძალიან ბევრი პასუხგაუცემელი კითხვა არსებობს, რომელზეც პასუხისმგებლობა გიორგი გახარიამ და "ქართულმა ოცნებამ" უნდა აიღოს.

ხუთი წლის შემდეგ ჩვენ ვხედავთ, რომ კობახიძე, რომელსაც მაშინ გადადგომა მოუწია პარლამენტის თავმჯდომარის პოსტიდან, დღეს არის პრემიერ-მინისტრი. ეს აჩვენებს იმას, რომ ამ ხუთ წელიწადში ბიძინა ივანიშვილის რეჟიმი და რუსული ინტერესები ჩვენს ქვეყანაში კიდევ უფრო გაძლიერდა. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პასუხები მოვისმინოთ იმაზე, ქართველი ხალხის წინააღმდეგ ძალის გამოყენება როდესაც მოხდა და ადამიანებმა შეუქცევადი ზიანი მიიღეს ჯანმრთელობის, იმ ღამეს ბატონი გახარია ხელმძღვანელობდა მთელ ამ პროცესებს და როდესაც ჩვენ ვამბობთ, რომ გახარიასთან არის ბევრი კითხვა, მათ შორის, ეს კითხვა უკავშირდება 20 ივნისის ღამეს", - ამბობს სამადაშვილი.

გავრილოვის სისხლიანი ღამიდან 5 წელი გავიდა - 2019 წლის 19 ივნისს "ქართულმა ოცნებამ" საპატიო რანგში ოკუპანტი ქვეყნის დეპუტატი ჩამოიყვანა და საქართველოს პარლამენტში დასვა.

რუსეთის დუმის კომუნისტური პარტიის დეპუტატის, სერგეი გავრილოვის საქართველოში ვიზიტს და პარლამენტის თავმჯდომარის სავარძლიდან სხდომის რუსულ ენაზე წაყვანის მცდელობას საზოგადოების მძლავრი პროტესტი მოჰყვა.

ხუთი წლის წინ, 20-21 ივნისის ღამეს, საქართველოს ხელისუფლებამ მშვიდობიან მომიტინგეებს თვალები დათხარა და მათ წინააღმდეგ წყლის ჭავლი, რეზინის ტყვიები და ცრემლსადენი გაზი გამოიყენა.

საპროტესტო აქციაზე 300-ზე მეტი მოქალაქე დააკავეს. ათობით ადამიანი დაშავდა და მათგან კლინიკაში 240 ადამიანი გადაიყვანეს. დაშავებულთა შორის 38 ჟურნალისტია, ხოლო 80 სამართალდამცველი. რამდენიმე მოქალაქემ, კერძოდ, მაკო გომურმა, გიორგი სულაშვილმა, კობა ლეთოდიანმა რეზინის ტყვიების შედეგად თვალი დაკარგეს.