რუსულ ხელისუფლებას სულ რაღაც 4 თვე დარჩა - ხაზარაძე
ივანიშვილის ხელისუფლების მიერ გადადგმული ნაბიჯები არა პოლიტიკური შეცდომა, არამედ საქართველოს მომავლისთვის ზიანის მიყენებაა - ამის შესახებ პარტია "ლელოს" ლიდერი, მამუკა ხაზარაძე საუბრობს.
ხაზარაძის თქმით, ოლიგარქის გუნდის პირობებში 20-21 ივნისს დაზარალებულ მოქალაქეებს არ უნდა ჰქონდეთ არც გამოძიების და არც სამართლიანობის აღდგენის იმედი.
ბოლო ოთხი წლის განმავლობაში ნათლად დავინახეთ, რომ ქვეყანას მართავს რუსული ხელისუფლება, ამიტომ ნურაფრის იმედი ნუ გექნებათ, ნურც სამართლიანობის აღდგენის, ნურც ნორმალური სასამართლოსი, სანამ "ქართული ოცნება" არის ხელისუფლებაში. სულ ოთხი თვე დარჩათ და ისე დაიფანტებიან, რომ ვერც იპოვით, რადგან რასაც ისინი აკეთებენ, ეს არ არის პოლიტიკური შეცდომა, ეს არის ზიანი ჩვენი ქვეყნის მომავლისთვის. ვინც ჩვენს ქვეყანას ზიანს აყენებს, მათი ადგილი პოლიტიკაში არ იქნება. ჩვენს ხარჯზე გამდიდრებული ბიუროკრატები, ჩინოვნიკები და მოსამართლეები აუცილებლად სამართლიანი სასამართლოს და სამართლიანი პროკურატურის პირობებში აგებენ პასუხს", - ამბობს ხაზარაძე.
გავრილოვის სისხლიანი ღამიდან 5 წელი გავიდა - 2019 წლის 19 ივნისს "ქართულმა ოცნებამ" საპატიო რანგში ოკუპანტი ქვეყნის დეპუტატი ჩამოიყვანა და საქართველოს პარლამენტში დასვა.
რუსეთის დუმის კომუნისტური პარტიის დეპუტატის, სერგეი გავრილოვის საქართველოში ვიზიტს და პარლამენტის თავმჯდომარის სავარძლიდან სხდომის რუსულ ენაზე წაყვანის მცდელობას საზოგადოების მძლავრი პროტესტი მოჰყვა.
ხუთი წლის წინ, 20-21 ივნისის ღამეს, საქართველოს ხელისუფლებამ მშვიდობიან მომიტინგეებს თვალები დათხარა და მათ წინააღმდეგ წყლის ჭავლი, რეზინის ტყვიები და ცრემლსადენი გაზი გამოიყენა.
საპროტესტო აქციაზე 300-ზე მეტი მოქალაქე დააკავეს. ათობით ადამიანი დაშავდა და მათგან კლინიკაში 240 ადამიანი გადაიყვანეს. დაშავებულთა შორის 38 ჟურნალისტია, ხოლო 80 სამართალდამცველი. რამდენიმე მოქალაქემ, კერძოდ, მაკო გომურმა, გიორგი სულაშვილმა, კობა ლეთოდიანმა რეზინის ტყვიების შედეგად თვალი დაკარგეს.