20 ივნისის დარბევიდან დაწყებული, საქართველოს ხელისუფლება ებრძვის მოქალაქეების არჩევანს - კორძაია
"20 ივნისის დარბევიდან დაწყებული საქართველოს ხელისუფლება ებრძვის საქართველოს მოქალაქეების არჩევანს" - ამის შესახებ განცხადება დეპუტატმა თამარ კორძაიამ "პირველებთან" გააკეთა.
ოპოზიციონერი პოლიტიკოსის თქმით, 2019 წლის 20-21 ივნისს განვითარებულ სისხლიან მოვლენებზე გამოძიების არდაწყებით ივანიშვილის ხელისუფლება ძალადობის ახალისებს.
20 ივნისის დარბევიდან დაწყებული საქართველოს ხელისუფლება ებრძვის საქართველოს მოქალაქეების არჩევანს, რომ იყოს ევროპული ოჯახის წევრი. ხელისუფლება რომ მოქალაქეებს ებრძვის სწორედ ამის შედეგია ის, რომ მას არ სურს რეალური გამოძიება არც ჟურნალისტების, არც დაზარალებულების წინააღმდეგ, რითაც ის ახალისებს ამ ძალადობას", - ამბობს კორძაია.
გავრილოვის სისხლიანი ღამიდან 5 წელი გავიდა - 2019 წლის 19 ივნისს "ქართულმა ოცნებამ" საპატიო რანგში ოკუპანტი ქვეყნის დეპუტატი ჩამოიყვანა და საქართველოს პარლამენტში დასვა.
რუსეთის დუმის კომუნისტური პარტიის დეპუტატის, სერგეი გავრილოვის საქართველოში ვიზიტს და პარლამენტის თავმჯდომარის სავარძლიდან სხდომის რუსულ ენაზე წაყვანის მცდელობას საზოგადოების მძლავრი პროტესტი მოჰყვა.
ხუთი წლის წინ, 20-21 ივნისის ღამეს, საქართველოს ხელისუფლებამ მშვიდობიან მომიტინგეებს თვალები დათხარა და მათ წინააღმდეგ წყლის ჭავლი, რეზინის ტყვიები და ცრემლსადენი გაზი გამოიყენა.
საპროტესტო აქციაზე 300-ზე მეტი მოქალაქე დააკავეს. ათობით ადამიანი დაშავდა და მათგან კლინიკაში 240 ადამიანი გადაიყვანეს. დაშავებულთა შორის 38 ჟურნალისტია, ხოლო 80 სამართალდამცველი. რამდენიმე მოქალაქემ, კერძოდ, მაკო გომურმა, გიორგი სულაშვილმა, კობა ლეთოდიანმა რეზინის ტყვიების შედეგად თვალი დაკარგეს.