მოძალადეები, პარტიული აქტივისტები - პრემიერის ლექსიკა მედიის მიმართ
საქართველოს პრემიერ-მინისტრი კრიტიკულ მედიას თავს ესმის და მათ პოლიტიკური პარტიის აქტივისტებს უწოდებს. 5-6 ივლისის ძალადობის შესახებ დასმული კრიტიკული კითხვებით გაღიზიანებული ირაკლი ღარიბაშვილი წყობიდან გამოვიდა.
თქვენ თუ არ შეწყვტთ ამ დესტრუქციას.... თქვენ ხართ ჩვეულებრივი მოძალადეები, პარტიული აქტივისტი, ნაცმოძრაობის წევრი ხართ"- მიმართა ჟურნალისტს ღარიბაშვილმა და უთხრა, რომ "ადგილს აფუჭებს" და მისი ადგილი "პარტიასა და პარლამენტშია".
თქვენ ახლა ადგილს აფუჭებთ, თქვენ უნდა იყოთ პარტიაში, თქვენ უნდა იყოთ წინა ხაზზე, პარლამენტში მინდა, რომ გიხილოთ თქვენ იმიტომ, რომ თქვენ ხართ ჩვეულებრივი პარტიული აქტივისტი" - აღნიშნა ღარიბაშვილმა.
მთავრობის მეთაური მისი მოადგილის, თეა წულუკიანის, ქმედებაში სისხლის სამართლის დანაშაულს ვერ ხედავს.
არ ვიცი, რა ხდება მიკროფონთან დაკავშირებით. მინდა, ერთი გითხრათ, რომ ეს სიყალბე და ძალადობა უნდა დაასრულოთ თქვენ, მე ამ შემთხვევაში თქვენ არ გელაპარაკებით, ველაპარაკები ამ შემთხვევაში იმ ადამიანებს, ვინც არიან თქვენი მმართველები. სამწუხაროა, რომ ტელევიზიები გარდაიქმნა უკვე რეალურად პარტიული ორგანიზაციების დანაყოფებად.
ეს არ არის დანაშაული. დანაშაულია ის, რასაც სჩადიოდა თქვენი დამფინანსებელი სააკაშვილი და მისი გუნდი", - თქვა ირაკლი ღარიბაშვილმა.