კობახიძე ამტკიცებს, რომ დასავლეთის კრიტიკა საქართველო-ჩინეთის ურთიერთობებთან დაკავშირებით, უსამართლოა
სტრატეგიული პარტიორების კრიტიკა საქართველო-ჩინეთის ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავებასთან დაკავშირებით, უსამართლოა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერი საუბრობს. ირაკლი კობახიძე ამტკიცებს, რომ დასავლეთი ორმაგი სტანდარტით ხელმძღვანელობს, როდესაც თავად ჩინეთთან თანამშრომლობს, ხოლო საქართველოს ამის გამო აკრიტიკებს. პრემიერი ირწმუნება, რომ ჩინეტთან თანაშმრომლობის კუთხით გადადგმული ნაბიჯები ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს ემსახურება.
რაც შეეხება ზოგადად ჩინეთის თემას, ვფიქრობ, რომ აქაც არის აბსოლუტურად უსამართლო დამოკიდებულება კონკრეტული პარტნიორი ქვეყნების მხრიდან. რეალურად, ყველამ იცის, რომ ჩინეთი არის ევროკავშირისა და ამერიკის შეერთებული შტატებისთვის ერთ-ერთი უმთავრესი სავაჭრო პარტნიორი. როდესაც ასეთ პირობებში ვისმენთ საქართველოს კრიტიკას ჩინეთთან ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავების შესახებ, ეს არის ორმაგი სტანდარტი და ჩვენთვის ასეთი ორმაგი სტანდარტი აბსოლუტურად მიუღებელია. ურთიერთობების გაჯანსაღებისთვის მნიშვნელოვანი და აუცილებელი პირობაა სამართლიანობა, სამართლიანი შეფასებები. სამწუხაროდ, ხშირად ვისმენთ უსამართლო შეფასებებს იმ ნაბიჯებთან დაკავშირებით, რომლებსაც დგამს ჩვენი სახელმწიფო. ეს ნაბიჯები ემსახურება ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესების გატარებას და აქედან გამომდინარე, ბუნებრივია, გავაგრძელებთ შესაბამისი მიმართულებით მომავალშიც მოქმედებას. ორმაგი სტანდარტი და უსამართლობა არის კონტრპროდუქტიული იმისათვის, რომ გაჯანსაღდეს ურთიერთობები ჩვენსა და პარტნიორ ქვეყნებს შორის", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.