EU-სთან საქართველოს ურთიერთობებს გადატვირთვა ნამდვილად სჭირდება და ეს შედგება, როცა ხელისუფლება შეიცვლება ოქტომბერში - სამადაშვილი
"ევროკავშირთან საქართველოს ურთიერთობებს გადატვირთვა ნამდვილად სჭირდება და ეს გადატვირთვა ნამდვილად შედგება, როდესაც ხელისუფლება შეიცვლება ოქტომბერში," - ამ განცხადებას "ლელოს" დეპუტატი სალომე სამადაშვილი აკეთებს და პრემიერის განცხადებას ეხმაურება.
მაშინ, როდესაც ირაკლი კობახიძე პარტნიორებს შანტაჟის და მუქარის ენით ესაუბრება, სალომე სამადაშვილი ამბობს, რომ ევროკავშირთან ურთიერთობების გადატვირთვა გარდაუვალია და ეს მოხდება ხელისუფლების ცვლილების შემდეგ.
უკვე ყველასთვის ნათელია, რომ საქართველოს დღევანდელი ხელისუფლება რუსეთის დავალებით ცდილობს, რომ ჩაშალოს ევროკავშირთან მოლაპარაკების პროცესი, ამიტომ დღეს ევროკავშირი ელოდება ერთადერთ რამეს, რომ ქართველმა ხალხმა გამოიჩინოს საკმარისი სიბრძნე და თუ მართლაც არის ჩვენი არჩევანი ევროპა და ევროპული მომავალი, შეცვალოს ხელისუფლება ოქტომბერში. ამის შემდეგ უკვე დაიწყება მართლაც გადატვირთვის პოლიტიკა. არანაირი სხვა რესურსი ამ რეჟიმს არ აქვს ევროკავშირთან ურთიერთობების გაუმჯობესების და სწორედ იმიტომ, რომ იციან ეს ასეა, ამიტომ ადანაშაულებენ დღეს ევროკავშირს იმაში, რაშიც რეალურად დამნაშავე არის რეჟიმი, რომელმაც საბოტაჟი გამოუცხადა ამ ქვეყნის ევროპულ მომავალს,“ - ამბობს სამადაშვილი.