გვაქვს დაგეგმილი აქცია, რომ დავხვდეთ "ოცნების" წევრებს, მათ შორის ირაკლი კობახიძეს - ემიგრანტი გიორგი ჩინჩალაძე

21.06.24 13:57
გვაქვს დაგეგმილი აქცია, რომ დავხვდეთ "ოცნების" წევრებს, მათ შორის ირაკლი კობახიძეს - ემიგრანტი გიორგი ჩინჩალაძე

"უთხარი არა "ქართული ოცნების" ვიზიტს ბერლინში! არა რუსულ რეჟიმს!" - აქტივისტები დღეს 15:00 საათზე ბერლინში საპროტესტო აქციას გამართავენ. აქციის ორგანიზატორი ორგანიზაცია "გზა" არის.

საპროტესტო აქცია სწორედ იმ სასტუმროსთან გაიმართება, სადაც დღეს პრემიერი ირაკლი კობახიძე მიღებას გეგმავს. სასტუმრო "ადლონის" მიმდებარე ტერიტორიაზე ემიგრანტები შეიკრიბებიან და რუსული კანონის მხარდაჭერის გამო ხელისუფლებას კიდევ ერთხელ გააკრიტიკებენ.

აქციის ორგანიზატორები არ გამორიცხავენ, რომ "ქართული ოცნება" პროვოკაციას მოაწყობს.

ჩვენ გვაქვს დაგეგმილი აქცია, რომ დავხვდეთ ქართული ოცნების წევრებს, მათ შორის ირაკლი კობახიძეს და გავაგონოთ ჩვენი პროტესტის ხმა და კიდევ ერთხელ ვუთხრათ, რომ ისინი არიან ქვეყნის მოღალატეები, მათ უღალატეს ქვეყნის ევროინტეგრაციას, ქვეყნის არჩევანს და მთელ მსოფლიოში, სადაც არ უნდა წავიდნენ, ყველგან გაიგონებენ ამ ხმას. აქცია არის აბსოლუტურად მშვიდობიანი, ჩვენ ასევე თადარიგს ვიჭერთ, რომ შესაძლოა ქართულ ოცნებას ჰყავდეს ჩამოყვანილი თავიანთი პროვოკატორები და ამისთვის გვაქვს თადარიგი დაჭერილი და მინდა მოვუწოდო ყველას, ვინც ამ მიზნით არის ჩამოსული, არ გაბედოთ რამე პროვოკაციის მოწყობა, იმიტომ, რომ ეს არ არის საქართველო და არ გეყოლებათ ქართული პოლიცია და იქნება მკაცრი რეაგირება პოლიციის მხრიდან,“ - ამბობს გიორგი ჩინჩალაძე.