პედაგოგების ახალი სახელფასო ფორმულა ცნობილია - მასწავლებლები თავს მოტყუებულად გრძნობენ
პედაგოგების ახალი სახელფასო ფორმულა - განათლების სამინისტროს ახალ დაანგარიშებას მასწავლებლები აფასებენ და ამბობენ, რომ თავს მოტყუებულად გრძნობენ.
"პირველებთან" მასწავლებლები ყვებიან, რომ 500 ლარამდე ხელფასის ზრდა რეალურად ცრუ დაპირება აღმოჩნდა და მიზერულად იზრდება უმრავლესობის ანაზღაურება. აქცენტს მასწავლებლები აკეთებენ იმაზე, რომ სახელფასო ფორმულით ყურადღება მახვილდება არა სტაჟზე ან ხარისხზე, არამედ საათების რაოდენობაზე.
ყველანაირად უგულებელყოფილია სტატუსი, არადა მასწავლებელმა დიდი შრომა, ძალისხმევა და ენერგია ჩადო ამ სტატუსის მოსაპოვებლად. ამ კანონში ყველაზე მნიშვნელოვანია ჩატარებული საათების რაოდენობა და არა ხარისხი. კოლეგებს შორის წავა დაპირისპირება, იმიტომ, რომ ყველას მოუნდება საათების მაქსიმალურად შევსება, ახალგაზრდები არ შემოვლენ სკოლაში, იმიტომ, რომ ვერ შემოვლენ სკოლებში, ვერ დაიდება ვაკანსიები, იმიტომ, რომ არსებული საათები გადანაწილდება. მასწავლებელს არანაირი მოტივაცია არ გააჩნია თვითგანვითარებისთვის, საგაკვეთილო პროცესზე ხარისხი დავარდება,“ - ამბობს ლელა ხუბუტია.
ბევრი გაკვეთილის ჩატარება არ ნიშნავს ხარისხიან გაკვეთილს და ეს მოსწავლისთვის არ იქნება სასარგებლო, ბუნებრივია. კარგი იქნებოდა დაფასებულიყო სტაჟი თუ არა ხარისხი მაინც, ბაკალავრის და მაგისტრის ხარისხი არ უნდა ფასდებოდეს 20 და 40 ლარით, რომ სტუდენტებს უნდოდეთ ხარისხის მიღება. ბევრ ადამიანს მოემატება ალბათ, 200-ლარიანი მატებით, განსაზღვრული იყო ის, რომ გული მოეგოთ მასწავლებლების არჩევნების წინ,“ - ამბობს მაია ეკალაძე.
არაფერი არ მიიღეს - 100 ლარამდე მატება ზოგ შემთხვევაში, მენტორმა და წამყვანმა მასწავლებლებმა. დანამატები, რაც იყო და რისთვისაც იბრძოდნენ მასწავლებლები, რომ გამოცდები ჩაებარებინათ, ეს ყბადაღებული პორტფოლიოები დაეცვათ და ა.შ. პრინციპში დაკარგა ამ ყველაფერმა ფასი. დაკნინდა ხარისხი ანუ ბაკალავრი ხართ, მაგისტრი ხართ, განსხვავება არის 20 ლარი - შეიძლება, არანაირი სტაჟი არ მაქვს 15 ლარს ვიღებ, მაქვს 5-დან 10 წლამდე სტაჟი და ვიღებ 30 ლარს, 15 წლის მერე ვიღებ 45-ს,“ - ამბობს ელიზაბეტ ბადაშვილი.
მასწავლებელთა შრომის ანაზღაურების ახალი მექანიზმი 2024 წლის პირველი ივლისიდან ამოქმედდება:
რამდენი ლარით გაეზრდებათ მასწავლებლებს ხელფასი? - ახალი სახელფასო სქემა ცნობილია.