საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი გაყინულია, რაც იმას ნიშნავს, რომ გაყინულია პერსპეტივა, ქართველი მასწავლებლის საშუალო ხელფასი 4 500 ლარი გახდეს - ოქრიაშვილი

24.06.24 14:48
საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი გაყინულია, რაც იმას ნიშნავს, რომ გაყინულია პერსპეტივა, ქართველი მასწავლებლის საშუალო ხელფასი 4 500 ლარი გახდეს - ოქრიაშვილი

"საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი გაყინულია, რაც იმას ნიშნავს, რომ გაყინულია პერსპეტივა, ქართველი მასწავლებლის საშუალო ხელფასი 4 500 ლარი გახდეს!" - ამის შესახებ "პროგრესისა და თავისუფლების" ლიდერი კახა ოქრიაშვილი საუბრობს.

როგორც ოქრიაშვილი ამბობს, "რუსული კანონის" მიღებით "ოცნებამ ევროკავშირის ღია კარი მიაჯახუნა", შესაბამისად, საჯარო მოხელეების ხელფასების ზრდის პერსპექტივა გაიყინა. ოქრიაშვილის შეფასებით, ის ფაქტი, რომ ხელფასები მასწავლებლებს მცირედით ეზრებათ, ამ გზით ხელისუფლებამ მათი საარჩევნოდ მოსყიდვა სცადა.

განათლების სამინისტრო ირწმუნება, რომ მასწავლებლების ხელფასების ზრდაში ნახტომი კი არა, გარღვევა აქვთ. თუმცა, მათივე მონაცემებით, მასწავლებლის საშუალო ხელფასი 1 230 ლარს შეადგენს და ივლისიდან უნდა გაიზარდოს.

( https://edu.aris.ge/.../maswavlebelta-axali-saxelfaso... )

ამ თანხით საქართველოში ღირსეულად ცხოვრებაც შეუძლებელია, პერსპეტივაზე ხომ საერთოდ საუბარი არ არის. ეს მაშინ, როცა ესტონეთში მასწავლებლის საშუალო ხელფასი 1 500 ევროს აღემატება, ლიეტუვაში ოდნავ ნაკლებია და ჩვენი ქვეყნის ვალუტაში თუ გადავიყვანთ, დაახლოებით 4 500 ლარს შეადგენს, რაც ქართველი მასწავლებლის ხელფასზე 3,5-ჯერ მეტია. განგებ ვადარებ ქართველი და სხვა ყოფილი პოსტსაბჭოთა ქვეყნების მასწავლებლების საშუალო ხელფასებს და არა გერმანია-საფრანგეთს, სადაც ანაზღაურება გაცილებით მაღალია.

რა არის დასკვნა: „რუსული კანონის“ მიღებით, „ოცნებამ“ ევროკავშირის ღია კარი მიაჯახუნა. 25 ივნისს ევროკავშირი მოლდოვასთან და უკრაინასთან გაწევრიანებაზე მოლაპარაკებებს ოფიციალურად იწყებს, ჩვენს შემთხვევაში კი კანდიდატის სტატუსი, რომელიც ისედაც ავანსად მოგვანიჭეს, გაყინულია. ეს იმას ნიშნავს, რომ გაყინულია პერსპეტივა, ქართველი მასწავლებლის საშუალო ხელფასი 4 500 ლარი გახდეს. ეს ეხება მასწავლებელსაც, პოლიციელსაც, კერძო და თუ სახელმწიფო სექტორში დასაქმებულ ნებისმიერ ადამიანს და მათ ოჯახებს.

„ოცნებას“ კი, როგორც ჩანს, წინასაარჩევნოდ მასწავლებლების ხმების ყიდვა სურს, თანაც მუქთად. მსურს, ეს პოსტი ყველა მასწავლებელმა ნახოს და თავად გადაწყვიტოს, რა უფრო მნიშვნელოვანია - ხელფასის 125-ლარიანი ზრდა თუ ევროპული პერსპექტივა და 4 500-ლარიანი ხელფასი და ამის შემდეგ მისცეს ხმა 26 ოქტომბრის არჩევნებზე," - წერს ოქრიაშვილი.

მსგავსი სიახლეები