ვერ დავბრუნდებით იმ დროში, როდესაც ქუჩაში ერთმანეთს ჯგუფები და ბანდები უსწორდებოდნენ - სახალხო დამცველი

24.06.24 16:36
ვერ დავბრუნდებით იმ დროში, როდესაც ქუჩაში ერთმანეთს ჯგუფები და ბანდები უსწორდებოდნენ - სახალხო დამცველი

"ჩვენ ვერ დავბრუნდებით იმ დროში, როდესაც ქუჩაში ერთმანეთს ჯგუფები და ბანდები უსწორდებოდნენ, ამას სჭირდება სახელმწიფოს ძალიან მკაცრი ჩარევა და პასუხისგებაში მიცემა ყველა ადამიანის, ვინც ამაშია ჩართული,“ - ასე ეხმაურება სახალხო დამცველი გახშირებულ ძალადობას და ანგარიშსწორებას კრიტიკულად განწყობილ მოქალაქეებზე.

როგორც ლევან იოსელიანი ამბობს, სახელმწიფომ უნდა გამოიძიოს ძალადობის შემთხვევები. ომბუდსმენი ეხმაურება ბოლო შემთხვევას, როდესაც აქტივისტ ნიკო გაფრინდაშვილს ხელკეტებით შეირაღებული პირები ფიზიკურად გაუსწორდნენ.

ნებისმიერი ასეთი ფაქტი არის დასაგმობი და რა თქმა უნდა, სახელმწიფომ ეფექტურად უნდა მოახდინოს რეაგირება ნებისმიერ ფაქტზე, როდესაც მოქალაქისადმი ანგარიშსწორება ხდება მისი პოლიტიკური ან სხვა ტიპის მოსაზრებების გამო. ეს არის არა მარტო დასაგმობი, არამედ გამოსაძიებელი ფაქტი და ადამიანები, ვინც ამაში არიან ჩართული, ისინი უნდა მიეცენ პასუხისგებაში. ჩვენ ამ საკითხზე, ყველა შემთხვევაზე ვახდენთ რეაგირებას, შესაბამის უწყებასთან ვართ კომუნიკაციაში და ველოდებით გამოძიების შედეგებს.
მოვუწოდებ საგამოძიებო უწყებებს, რომ უფრო ეფექტურად მოახდინონ, სულ მცირე, რომ იმ ადამიანების იდენტიფიცირება, ვინც კადრებში ჩანან, ვისი სახელების და გვარების იდენტიფიცირება არ არის რთული და ცნობილია. ჩვენ ვერ დავბრუნდებით იმ დროში, როდესაც ქუჩაში ერთმანეთს ჯგუფები და ბანდები უსწორდებოდნენ, ამას სჭირდება სახელმწიფოს ძალიან მკაცრი ჩარევა და პასუხისგებაში მიცემა ყველა ადამიანის, ვინც ამაშია ჩართული,“ - ამბობს იოსელიანი.

მსგავსი სიახლეები