"შთამბეჭდავი შემადგენლობით შევალთ პარლამენტში" - "პატრიოტთა ალიანსის" და "ალტ-ინფოს" ერთობა ოფიციალურად გაფორმდა

24.06.24 17:36
 "შთამბეჭდავი შემადგენლობით შევალთ პარლამენტში" - "პატრიოტთა ალიანსის" და "ალტ-ინფოს" ერთობა ოფიციალურად გაფორმდა

პრორუსული ძალები არჩევნების წინ ერთიანდებიან. "პატრიაოტთა ალიანსის" და "ალტ ინფოს" ერთობა დღეს ოფიციალურად გაფორმდა. ზურა მახარაძე და ირმა ინაშვილი ოქტომბრის არჩვენებზე ერთად გადიან. 

პუტინის პოლიტიკის მომხრე ლიდერები დარწმუნებული არიან, რომ "ქართულ ოცნებაზე" მეტ ხმას მიიღებენ, თუმცა პარტიის ზოგიერთი წევრი არ მალავს, რომ ივანიშვილის პარტია მოჩვენებითი კონსერვატიული იდეებით ცდილობს მათი ხმების მოპარვას.

„ქართული ოცნება“ ამ წლების მანძილზე მიზანმიმართულად ებრძოდა არა „ნაციონალურ მოძრაობას“ და იმ განშტოებებს, არამედ, რეალურად, ებრძოდა კონსერვატორულ ფლანგს, აი, ამ პარტიებს. მიზანი არის ის, რომ თვითონ მოირო დღეს კონსერვატორის ნიღაბი და გეუბნება, რომ აი, მე ვარ დღეს კონსერვატორი და სხვა არავინ უნდა იყოს პოლიტიკურ ველზე. ერთი მხრივ არის ულტრალიბერალების გაერთიანება, კრებითი სააკაშვილები, ნაცმოძრაობა და მათი განშტოებები და მეორეს მხრივ არის, სინამდვილეშ, ასევე ლიბერალური „ქართული ოცნება“, რომელიც დღეს გახდა თურმე კონსერვატორი და დღეს ცდილობს, რომ დაიჭიროს ხელშ კონსერვატორის დროშა. აუცილებლად, ის კი არა, რომ ბარიერს გადავლახავთ, ჩვენ შთამბეჭდავი შემადგენლობით შევალთ საქართველოს პარლამენტში, - თქვა ირმა ინაშვილმა.

დავით თარხან-მოურავმა კი პირდაპირ თქვა, რომ რუსეთთან საქართველო ომს ვერ მოიგებს, ამიტომ ოკუპანტთან "მშვიდი" ურთიერთობაა დასამყარებელი.  

გასაგებია, რომ საქართველოს ინტერესში არ არის რუსეთთან ომი. ჩვენ არ შეგვიძლია ამ ომში გამარჯვება. ე.ი., უნდა მოვძებნოთ საერთო ენა, გვქონდეს მშვიდი, წყნარი ურთიერთობა. რეალურად, „ქართული ოცნება“ დღეს, პრინციპში, „ნაციონალური მოძრაობაა“ იგივე, იქიდან იმპორტირებული ხალხის. ამათ ახლა ნიღაბი აქვთ, რომ უნდათ, გახდნენ კონსერვატორები. 12 წელია ცდილობს, ყველა კონსერვატორული ძალა გააქროს და იმათი ადგილი დაიპყროს, - თქვა დავით თარხან-მოურავმა. 

რაც შეეხება "ალტინფოს" დამფუძნებელს, ზურაბ მახარაძეს, ის ირწმუნება, რომ ნებისმიერი პრორუსული ან პროდასავლური პოზიცია ქვეყნის ღალატია და მათი ამოცანა, მხოლოდ პროქართული პოზიციაა. 

ნებისმიერი პროდასავლური, პრორუსული, პროთურქული, პროჩინური პოზიცია არის საქართველოს ღალატი. ერთადერთი სწორი პოზიცია არის პროქართული პოზიცია. გარეთ ვპოულობთ ვიღაცა პატრონს და მისი პრიზმიდან ვუყურებთ სხვებს, ვის მიმართ აქვს პატრონ-ყმული დამოკიდებულება. ჩვენი ერთობა არის იმ ხალხის ერთობა, რომელიც ამბობს, საქართველოს სახელმწიფო ინტერესები უპირველეს ყოვლისა და ნებისმიერ მხარესთან დიალოგი, ურთიერთობა, უნდა გამომდინარეობდეს მათი პრინციპიდან, - თქვა ზურაბ მახარაძემ. 

მსგავსი სიახლეები