ძალიან გვაწუხებს „ოცნების“ ლიდერების გადაწყვეტილებები და რიტორიკა - ჯიმ ო'ბრაიანი

24.06.24 18:10
 ძალიან გვაწუხებს „ოცნების“ ლიდერების გადაწყვეტილებები და რიტორიკა - ჯიმ ო'ბრაიანი

აშშ საქართველოს NATO-ს პარტნიორობის მომავალ ღონისძიებებში მიიწვევს. ამერიკის შეერთებული შტატების გადაწყვეტილებაზე ჯიმ ო'ბრაიენი საუბრობს.

ბრაიანის თქმით, პარტნიორებს "ქართული ოცნების" მაღალჩინოსნების გადაწყვეტილებები აწუხებთ.

ჩვენ შეშფოთებულები ვართ გადაწყვეტილებებით და „ქართული ოცნების“ ლიდერების ძალიან მცირე რაოდენობიდან წამოსული რიტორიკით. აშკარაა, რომ ქართველი ხალხის 80-85%-ს ევროკავშირსა და ნატო-ში შემდგომი ინტეგრაცია სურს. მთავრობამ და პრემიერ-მინისტრმა ახლახან განაცხადეს, რომ ისინი მოელიან, რომ მათი ბოლოდროინდელი ქმედებები ამას საფრთხეს არ შეუქმნის. ჩვენ შევეცადეთ ძალიან მკაფიოები ვყოფილიყავით და დღეს, უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჯოზეფ ბორელმა ძალიან ნათლად თქვა, ეს ბოლოდროინდელი ქმედებები, ძალადობა ოპოზიციის წარმომადგენლების წინააღმდეგ, ძალადობა სამოქალაქო საზოგადოების წინააღმდეგ, მოსკოვზე დაფუძნებული „უცხოური აგენტების კანონი“, ახალი პორტის ჩინური კომპანიისთვის გადაცემის შესახებ გადაწყვეტილება - ეს ყველაფერი აშშ-სა და ევროკავშირზე დაფუძნებულ საერთაშორისო ორგანიზაციებში გაწევრიანების სურვილთან შეუთავსებელია. ამიტომ, მთავრობას მოვუწოდებთ, რომ გადახედოს პოზიციებს და ჩვენ მთავრობასთან ჩვენი ორმხრივი და მრავალმხრივი ურთიერთობების გადახედვას გავაგრძელებთ," - ამბობს ო'ბრაიენი.

როგორც ო'ბრაიანი ამბობს, საქართველოს მოსახლეობის 80 პროცენტზე მეტს სურს ინტეგრაცია ნატოსა და ევროკავშირში, ხელისუფლებაც ამ გზავნილებს ახმოვანებს, თუმცა ძალადობა ქუჩებში, რუსული კანონის მიღება შეუთავსებელია ამ მისწაფებასთან.

საქართველოს მდგომარეობის აღსაწერად ო'ბრაიანი ისევ იშველიებს საფეხბურთო ნაკრებებს შორის შეხვედრას, სადაც ყველა თამაშის საერთო წესზე თანხმდება და ამის შესაბამისად მოქმედებს. როგორც ევროპისა და ევრაზიის საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე ამბობს, როგორც აშშ-ის, ისე ევროპის ქვეყნების მაღალჩინოსნები აგრძელებენ საუბარს საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებთან.

სინამდვილეში ყველაფერი ძალიან მარტივია. რადგან ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატის პერიოდში ვართ, საქართველომ განაცხადა, რომ მას ჩვენს საფეხბურთო ლიგაში თამაში სურს და შემდეგ მან თქვა, რომ, სხვათა შორის, ჩვენ გვინდა, რომ მოედანზე, ჩვენს მხარეს 15 მოთამაშე გვყავდეს. არა, თქვენ იმავე რაოდენობის მოთამაშეს იღებთ, რამდენსაც ყველა სხვა და და აკეთებთ იმას, რაც გსურთ, ისე როგორც ამას სხვები აკეთებენ. ეს არის კლუბის წესები. ასე რომ, ეს ნამდვილად არ არის გადაწყვეტილება საქართველოს სუვერენიტეტის შესახებ. საქართველომ თავისი სუვერენული უფლებით კლუბში გაწევრიანება გადაწყვიტა და ჩვენ უბრალოდ ნათლად ვხსნით იმას, თუ რას ნიშნავს ეს. ასე რომ, ჩვენ ქართველ ოფიციალურ პირებთან ამ დისკუსიებს გავაგრძელებთ, მათთან კომუნიკაციაში ჩვენი საელჩო ძალიან აქტიურია, რამდენიმე ევროპელი ლიდერი ძალიან აქტიურია და ჩვენ ამ საუბრებს გავაგრძელებთ“, - აღნიშნა ჯიმ ო’ბრაიენმა.

მსგავსი სიახლეები