ვცდილობთ, ევროპული არენის დღის წესრიგში შევინარჩუნოთ ქართველი ხალხისთვის მნიშვნელოვანი საკითხები - ჭიაბერაშვილი

24.06.24 20:17
ვცდილობთ, ევროპული არენის დღის წესრიგში შევინარჩუნოთ ქართველი ხალხისთვის მნიშვნელოვანი საკითხები - ჭიაბერაშვილი

ვცდილობთ, დღის წესრიგში შევინარჩუნოთ ქართველი ხალხისთვის მნიშვნელოვანი საკითხები, განსაკუთრებით ოქტომბერში მოსალოდნელი ხელისუფლების ცვლილების პირობებში, როდესაც საქართველო უნდა დაუბრუნდეს თავის ევროპულ პერსპექტივას და ევროპული განვითარების ტრაექტორიას" - ამის შესახებ განცხადება "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" საგარეო მიმართულების მდივანმა, ზურაბ ჭიაბერაშვილმა გააკეთა.

ჭიაბერაშვილის თქმით, ყველაზე დიდი ოპოზიციური პარტია მთელი ძალისხმევით ცდილობს, რომ ევროპულ არენაზე ქართველი ხალხის ინტერესები დაიცვას.

ეს არის ევროპარლამენტის არჩევნების შემდგომ, ევროპის სახალხო პარტიის პირველი სხდომა და ამ სხდომაზე ჩვენ, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები კვლავ და კვლავ ვცდილობთ დღის წესრიგში შევინარჩუნოთ ქართველი ხალხისთვის მნიშვნელოვანი საკითხები, განსაკუთრებით ოქტომბერში მოსალოდნელი ხელისუფლების ცვლილების პირობებში, როდესაც საქართველო უნდა დაუბრუნდეს თავის ევროპულ პერსპექტივას და ევროპული განვითარების ტრაექტორიას.

მიხეილ სააკაშვილმა „ნაციონალური მოძრაობა“, როგორც პირველი პარტია გააწევრიანა ევროპის სახალხო პარტიაში თავის დროზე და ევროპის სახალხო პარტია იყო საქართველოს ეროვნული ინტერესების დამცავი მთელი ამ წლების განმავლობაში, როდესაც საქართველოს დამოუკიდებლობა, ტერიტორიული მთლიანობა და სუვერენიტეტი იქნა შენარჩუნებული სწორედ ევროპელ და ამერიკელ პარტნიორებთან თანამშრომლობით და დღესაც, „ნაციონალური მოძრაობა“ კვლავ აგრძელებს იმავეს, რომ დაიცვას ქართველი ხალხის ინტერესები ევროპულ არენაზე. რა თმა უნდა, ჩვენს მეგობრებს ევროპის სახალხო პარტიაში, განსაკუთრებით აღელვებთ მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკური პატიმრობა, რომელიც კიდევ ერთხელ ცხადყოფს მოსალოდნელი საპარლამენტო არჩევნების წინ, რომ ეს არ არის სამართლიანი და თავისუფალი საარჩევნო გარემო, მაგრამ ამ შემთხვევაშიც ჩვენ გვაქვს იმედი ქართველი ხალხის გამარჯვების იმედი ოქტომბერში და ევროპის სახალხო პარტია გააგრძელებს ქართველი ხალხის გვერდით დგომას ამ პროცესში.“-  განაცხადა ზურაბ ჭიაბერაშვილმა.

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე თინა ბოკუჩავა, საგარეო მიმართულების მდივანი ზურაბ ჭიაბერაშვილი და საგარეო დეპარტამენტის ხელმძღვანელი ირაკლი ქავთარაძე ბრიუსელში ევროპის სახალხო პარტიის პოლიტიკურ საბჭოს ესწრებიან. 

ეს ევროპის ყველაზე დიდი პოლიტიკური ჯგუფის პირველი შეკრებაა ევროპარლამენტის არჩევნებში მიღწეული წარმატების შემდეგ. 

ნაციონალური მოძრაობის ლიდერები შეხვედრებს მართავენ ევროპელ პოლიტიკოსებთან, რათა ევროკავშირში ქართველი ხალხის ინტერესები სრულფასოვნად იყოს დაცული. ევროპელი ლიდერები, ერთი მხრივ, ფიქრობენ, როგორ შეაჩერონ ივანიშვილის მზარდი ავტორიტარიზმი და, მეორე მხრივ, შეუნარჩუნონ ქართველ ხალხს ევროპული პერსპექტივა, რომლის რეალიზება ოქტომბერში „ქართული ოცნების“ გადარჩევის შემდეგ უნდა მოხდეს. 

ევროპის სახალხო პარტიის ყურადღების ცენტრში რჩება პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკური პატიმრობა, რომლის გათავისუფლება ევროპარლამენტმა აპრილში მიღებულ თავის ერთ-ერთ ბოლო რეზოლუციაში კიდევ ერთხელ მოითხოვა.