ჩვენ ახლა კი არ გავჩერდით და გვეყინება ევროინტეგრაციის პროცესი, არამედ ჩვენ ვაკეთებთ უკან სვლას - ჯაფარიძე

24.06.24 22:13
ჩვენ ახლა კი არ გავჩერდით და გვეყინება ევროინტეგრაციის პროცესი, არამედ ჩვენ ვაკეთებთ უკან სვლას - ჯაფარიძე

"ჭავჭავაძის ცენტრის" მკვლევარი, გია ჯაფარიძე "ქართულ ოცნებას" საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესში ხელის შეშლაში ადანაშაულებს და "საჯარო პოლიტიკის" ეთერში აცხადებს, რომ ქვეყანა არ პროგრესს, არამედ მნიშვნელოვან რეგრესს განიცდის.

მკვლევარი ე.წ. ტიტუშკების მიერ მასზე განხორციელებულ სისხლიანი ანგარიშსწორების ფაქტს იხსენებს და ამბობს, რომ თავდასხმის შემდეგ ევროპელი პოლიტიკოსებისგან შეტყობინებებს იღებდა.

"მწერდნენ, რომ მე მალე გამოვჯანმრთელდებოდი, მაგრამ საქართველოს ძალების აღდგენისთვის დიდი დრო დასჭირდებოდა" - დასძენს ჯაფარიძე და იქვე ამატებს, რომ რუსული კანონი ქვეყანას ევროპას  აშორებს და დასავლეთისგან იზოლაციაში აქცევს.

"ოცნების" წარმომადგენლებმა ნებისმიერი ტყუილი შეიძლება, რომ თქვან. ეს არის აწყობილი პროპაგანდის ნაწილი და სინამდვილე არის სულ სხვა. ბორელსაც მოუწია ამის გამეორება დღეს და თან არა პირველად. ყველა ჩვენი საერთაშორისო პარტნიორი ამას იმეორებს უკვე რამდენიმე თვეა, რომ კანონი, რომელიც მიიღო "ოცნებამ", საქართველოს ევროპის კავშირისგან აშორებს. ჩვენ ახლა კი არ გავჩერდით და გვეყინება ეს პროცესი, არამედ ჩვენ ვაკეთებთ უკან სვლას. მოლდოვა და უკრაინა იმიტომ კი არ გვასწრებენ, რომ ჩვენ ერთ ადგილას ვართ, არამედ იმიტომ, რომ ჩვენ უკან მივდივართ. როდესაც კომუნიკაცია მქონდა ევროპელ პოლიტიკოსებთან, რამდენიმე მათგანმა მომწერა ტექსტი, რომ შენ გამოჯანმრთელებას დიდი დრო არ დასჭირდება, მაგრამ შენმა ქვეყანამ რომ ძალები აღიდგინოს ამას ვშიშობთ, რომ დასჭირდება დიდი დრო", - ამბობს ჯაფარიძე.