დავასრულებთ ტრადიციას, როდესაც საკრებულო მერის სურვილების უსიტყვო და შემსრულებელია - მელიას მიმართვა
"დადგა დრო, ვუთხრათ ოლიგარქს რომ მისი ვადა ამოიწურა!" - "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე, ნიკა მელია, გადამწყვეტ არჩევნებზე თბილისის მერობისთვის იბრძოლებს.
მისი თქმით, არჩევნებზე ამომრჩეველმა მკაფიოდ უნდა უთხრას ბიძინა ივანიშვილს რომ "ევროპული ოჯახის წევრობას და დასავლეთზე ორიენტაციას ვერ წაართმევს".
ის ვეღარ იძალადებს ქართველ ხალხზე, ვეღარ მოიპარავს მათ უკანასკნელ ლუკმას, ვეღარ დაჩაგრავს და დაამცირებს მათ! ვეღარ აიგდებს აბუჩად ჩვენს ქვეყანას, ვერ წაართმევს ქართველ ხალხს მათ მთავარ ისტორიულ არჩევანს და მონაპოვარს - ევროპული ოჯახის წევრობას, ორიენტაციას დასავლეთზე! ეს ბრძოლა ყველასია და ის ყველამ ერთად უნდა მოვიგოთ!"- მიმართა ამომრჩეველს მერობის კანდიდატმა.
მისი თქმით, ერთობის დრო დადგა!
ნიკა მელიას განცხადებით, მისი მერობა დაასრულებს ტრადიციას, როდესაც საკრებულო მერის სურვილების და მოთხოვნების უსიტყვო და უპირობო შემსრულებელია.
ჩემი მერობა ნიშნავს იმას, რომ მრავალპარტიული საკრებულო არ იქნება ჩემი უკანა ეზო, არამედ იქნება ჩემი მთავარი მაკონტროლებელი და მოკავშირე, დამაზღვევს შეცდომებისგან და მაიძულებს ვაკეთო უფრო მეტი და ვაკეთო უფრო უკეთესად. ჩემი მერობა ნიშნავს, რომ საკრებულოს თავმჯდომარე არ იქნება ჩემი პარტიის წარმომადგენელი. დღეს მე და ელენე ხოშტარია გამოვდივართ, როგორც მრავალპარტიული კოალიციის წარმომადგენლები. მე, როგორც მერობის კანდიდატი ჩემი მოძრაობიდან, „გირჩი - მეტი თავისუფლება,“, რომელიც წარმოადგენს ვიცე-მერს უახლოეს მომავალში, ხოლო, ელენე, როგორც საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატი საკუთარი მოძრაობიდან", - განაცხადა ნიკა მელიამ და დასძინა, რომ "დადგა დრო, თბილისის მერი ამაყად დადიოდეს თბილისის ქუჩებში და შეეძლოს ხმამაღლა თქმა: მე თბილისს ვემსახურები, თბილისს , რომელიც პოლიტიკაზე მეტია".
ნიკა მელიას განცხადებით, დადგა დრო, თბილისის მთავარი მამოძრავებელი მისი არაჩეულებრივი ახალგაზრდები გახდნენ.
დადგა დრო, ახალგაზრდების წინაშე ყველა კარი გაიღოს, რადგან, დიდი და მდიდარი ისტორიის თბილისი მათ უნდა აცოცხლონ, გააუმჯობესონ და წინ წაიყვანონ.
დადგა დრო, თბილისმა მოიპოვოს, დაიმკვიდროს ნამდვილი და სრულყოფილი თვითმმართველობა, რაშიც მნიშვნელოვანი როლი ეკისრება საკრებულოს, რათა ერთის მხრივ გააკონტროლოს თბილისის მერია ხოლო ორივემ ერთად აღასრულოს თბილისელების ნება- სურვილი.
სწორედ ამიტომაც, მე თქვენს წინაშე დღეს მარტო არ ვდგავარ. გვერდით არც ჩემი პარტიის წარმომადგენელი მიდგას. დადგა დრო, რომ არა მხოლოდ თბილისში, არამედ მთელ საქართველოში მმართველობა პირველად იყოს კოალიციური, ურთიერთ კონტროლზე და ჯანსაღ კონკურენციაზე დაფუძნებული"- დასძინა მელიამ.
მისივე განცხადებით, "დადგა დრო, რომ ერთიანობა არა მხოლოდ სიტყვებით, არამედ საქმით და გადაწყვეტილებებით დავამტკიცოთ" - განაცხადა მელიამ.