სალომე ზურაბიშვილი „ნაცმოძრაობის“ და ნიკა გვარამიას თოჯინა გახდა - მდინარაძე

25.06.24 13:38
სალომე ზურაბიშვილი „ნაცმოძრაობის“ და ნიკა გვარამიას თოჯინა გახდა - მდინარაძე

სალომე ზურაბიშვილი „ნაცმოძრაობის“ და ნიკა გვარამიას თოჯინა გახდა - ასე ეხმაურება უმრავლესობის ლიდერი მამუკა მდინარაძე ქართული ოპოზიციის ერთიანობის დეკლარაციას.

მისი თქმით, საქართველოს პრეზიდენტი და ოპოზიცია საერთო მესიჯბოქსში არიან, ამიტომაც მდინარაძე ამბობს, რომ არ უკვირს თუ ოპოზიცია სალომე ზურაბიშვილს დაუჭერს მხარს.

რა თქმა უნდა, ისინი თავის თოჯინას დაუჭერენ მხარს. როგორც თოჯინების თეატრშია, ერთი-ერთში, რა მოძრაობასაც ისინი ვერბალურად ახორციელებენ, ზუსტად იგივე ტრაექტორიით მოძრაობს სალომე ზურაბიშვილიც. როგორც გააქნევენ ხელს, ჩვენი ნაცი ოპონენტები, ზუსტად იგივეს იმეორებს სალომე ზურაბიშვილი. დააკვირდით, საერთო მესიჯბოქსში არიან და „ნაცმოძრაობის“ და ნიკა გვარამიას თოჯინა გახდა სამწუხაროდ ეს ქალი, რომელიც ჯერ კიდევ პრეზიდენტად იწოდება და ბუნებრივია, თავის თოჯინას დაუჭერენ ისინი მხარს", - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.  

ქართული ოპოზიციის ერთიანობის დეკლარაცია - გადამწყვეტი არჩვნების წინ პოლიტიკური პარტიები თანხმებიან, რომ მხარს დაუჭერენ  საერთო საპრეზიდენტო კანიდატს და შეწყვეტენ თავდასხმებს ერთმანეთის მიმართ.

დოკუმენტს 6 ოპოზიციური პარტია აწერს ხელს.

ერთიანობის დეკლარაციაზე ხელმოწერა გულისხმობს ერთიანობას, როგორც საპარლამენტო არჩევნებამდე, ასევე არჩევნების შემდეგ. ამასთან, ოპოზიციის თქმით, პარტიები ერთიანობის ყველაზე ეფექტური კონფიგურაციაზე არაუგვიანეს 8 ივლისამდე შეთანხმდებიან.