გაასაჩივრებს თუ არა რუსულ კანონს საკონსტიტუციო სასამართლოში? - რა თქვა სახალხო დამცველმა
გაასაჩივრებს თუ არა ომბუდსმენი რუსულ კანონს საკონსტიტუცი სასამართლოში - როგორც ლევან იოსელიანმა განაცხადა, ის საკონსტიტუციო სასამართლოს აუცილებლად წარუდგენს საკუთარ პოზიციას, თუმცა მისივე თქმით, ჯერ არ გადაუწყვეტიათ, სარჩელი იქნება ეს, თუ სასამართლოს მეგობრის მოსაზრების ფორმით მიმართავენ.
შესაბამისი კითხვა სახალხო დამცველს, დამოუკიდებელმა დეპუტატმა, თეონა აქუბარდიამ დაუსვა. სანამ ლევან იოსელიანი კითხვას უპასუხებდა, აქუბარდიას შალვა პაპუაშვილმა მიმართა და სთხოვა, დაეკონკრეტებინა რომელს გულისხმობდა, საქართველოს თუ რუსეთის საკონსტიტუციო სასამართლოს.
„ჩვენ გვქონდა რამდენიმე შეხვედრა არასამთავრობო სექტორთან. ჩვენი ინფორმაციით, ისინი აპირებენ ამის [რუსული კანონის] გასაჩივრებას საკონსტიტუციო სასამართლოში. ჩვენ დაველოდებით სარჩელის შინაარსს, გადავხედავთ სარჩელს და ამის შემდეგ მივიღებთ გადაწყვეტულებას, რა ფორმით იქნება ჩვენი ინტერვენცია, ეს იქნება სასამართლოს მეგობრის მოსაზრება, რომელიც შეავსებს ამ პროცესს...
თუ დავინახავთ, რომ არის ის პრობლემური საკითხები, რომლებიც ჩვენ მიგვაჩნია გამოტოვებულად, მაშინ შეიძლება ჩვენც წარვადგინოთ დამატებითი სარჩელი.
ყველა შემთხვევაში, ჩვენ ჩვენს მოსაზრებას საკონსტიტუციო სასამართლოს ამ განხილვის პერიოდში ან ერთი ფორმით, ან მეორე ფორმით წარვუდგენთ,“ - განაცხადა ლევან იოსელიანმა.