რატომ არ ათამაშა ბუდუ ზივზივაძე - რას ამბობს სანიოლი და რას გეგმავს პორტუგალიასთან

25.06.24 16:39
რატომ არ ათამაშა ბუდუ ზივზივაძე - რას ამბობს სანიოლი და რას გეგმავს პორტუგალიასთან

"არჩევანი ხდება მხოლოდ საფეხბურთო კუთხით და შემადგენლობასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას მხოლოდ მე ვიღებ!" - ამის შესახებ ეროვნული ნაკრების მწვრთნელი ვილი სანიოლი საუბრობს და ბუდუ ზივზივაძესთან დაკავშირებით დასმულ კითხვას ეხმაურება.

სანიოლის თქმით, ზივზივაძესთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილება არ აქვს მიღებული ითამაშებს თუ არა პორტუგალიასთან.

რაც შეეხება გამოხმაურებებს ბუდუ ზივზივაძის თამაშთან დაკავშირებით, სანიოლის თქმით, "გადაწყვეტილებებს მხოლოდ საფეხბურთო ფაქტორებიდან გამომდინარე ვიღებ".

სანიოლი ასევე საუბრობს ოთარ კიტეიშვილზე და ამბობს, რომ ის მესამე მატჩისთვის მზად იქნება.

არ მგონია, აქ იმისთვის ვიყოთ, რომ განვლილ მატჩებზე ვისაუბროთ, რადგან ამ შეხვედრებზე უკვე ვისაუბრეთ, ახლა პორტუგალიასთან თამაშზე უნდა ვილაპარაკოთ. რაც შეეხება ბუდუ ზივზივაძეს, გვაქვს რამდენიმე არჩევანი, ჯერჯერობით, არ არის გადაწყვეტილი ვინ ითამაშებს, გადაწყვეტილებებს მხოლოდ საფეხბურთო ფაქტორებიდან გამომდინარე ვიღებ.

თქვენ იცით, რომ ზივზივაძე გუნდის ნაწილია, მან ითამაშა თურქეთთან რამდენიმე წუთი. ხვალინდელზე ჯერჯერობით არაფერია გადაწყვეტილი. თქვენ თქვით, რომ ეს ძალიან პოლიტიკური გახდა. მე საკმაოდ შორს ვარ პოლიტიკისგან, რადგან მე მსურს მართებული გადაწყვეტილებების მიღება მხოლოდ ფეხბურთის ფაქტებზე დაფუძნებით. ეს სასაცილოა, რადგან მახსოვს, 6-7 თვის წინ ბევრი ადამიანი მაყენებდა შეურაცხყოფას, როდესაც მიქაუტაძე სათადარიგო სკამზე დავსვი და ბუდუ ვათამაშე. ახლა ყოველდღე შეურაცხყოფას მაყენებს ზოგიერთი სულელი საფეხბურთო მიზეზების გარეშე და ამას ვერ მივიღებ. მე ვარ ფეხბურთის მწვრთნელი და ეს ყველასთვის ნათელია, ვინ თამაშობს და ვინ არა, ეს სრულად ჩემი გადაწყვეტილებაა. უკაცრავად ასეთი ტონისთვის, მაგრამ რამდენიმე დღეა, ამის გამო ცუდ ხასიათზე ვარ," - ამბობს სანიოლი.

საქართველოსა და პორტუგალიის ნაკრებებს შორის გადამწყვეტი მატჩი ხვალ თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება.