"წამაქციეს და მირტყამდა სამი ადამიანი" - კიდევ ერთ აქტივისტს სცემეს

25.06.24 19:36
"წამაქციეს და მირტყამდა სამი ადამიანი" - კიდევ ერთ აქტივისტს სცემეს

სოფელ ზოდის კიდევ ერთ დამცველს სცემეს - ინფორმაციას თავად კოტე აბდუშელიშვილი ავრცელებს. ვიდეოს სოფელი ზოდის ფეისბუქ გვერდზე ავრცელებს და აღწერს, როგორ დაესხა თავს სამი პირი, ზურგიდან მიპარვით თბილისში, 51-ე სკოლასთან.

როგორც დაშავებული ამბობს, თავდამსხმელები ნიღბებით იყვნენ და გაქცევა ავტომობილით მოახერხეს. აბდუშელიშვილის თქმით, დაზიანებები მიყენებული აქვს თავისა და ხელის მიდამოებში. როგორც აბდუშელიშვილი ამბობს, რეზინის "დუბინკები" ჰქონდათ.

51-ე სკოლის წინ თავდასხმა მოხდა, მცემეს, მე მგონი, ტვინის შერყევას გადარჩენილი ვარ... წამაქციეს და მირტყამდა სამი ადამიანი... სისხლი მომდის, მაგრამ არაუშავს, გამივლის. მოკლედ, ამას მე ვუკავშირებ, პატრულმაც დამისვა კითხვა - არასამტავრობო ორგანიზაციის წევრი ხომ არ ხარო, არც არასამთავრობო ორგანიზაციის წევრი, არც პოლიტიკური პარტიის წევრი არ ვარ, ჩემი წევრობა არის სოფელი ზოდი და ამას უკავშირდება ეს თავდასხმა, ველოდები სასწრაფოს, შევიმოწმებ თავს, მსუბუქი დაზიანება შეიძლება იყოს, მგონი, გადავრჩი, სისხლდენებს თუ არ ჩავთვლი. წესით, არ უნდა გაუჭირდეთ 51-ე სკოლასთან. პატრული მოსულია, სასწრაფოც მოვა. პრო დღის წინ ნიკოს დაესხნენ თავს, დღეს მე. ამით ცეცხლზე ნავთს ასხამენ, ერთი ადამიანი შეგაკვდებით მარტო იმიტომ, რომ ასეთ სახელმწიფოში არ ვიცხოვროთ," - ამბობს აბდუშელაშვილი.

გუშინ სოფელ ზოდის კიდევ ერთ დამცველს გაუსწორდნენ ფიზიკურად. სამოქალაქო აქტივისტ ნიკო გაფრინდაშვილს სადარბაზოსთან ფიზიკურად გაუსწორდნენ. მას ტვინის შერყევა აქვს მიღებული. დაზიანებები აღენიშნება სახის, ყელისა და ხელების მიდამოებში. არსებული ინფორმაციით, მას ხელკეტებით გაუსწორდნენ.