უსუფაშვილი: საარჩევნო სუბიექტი ერთიანი არ არის გამარჯვების ფორმულა
„საარჩევნო სუბიექტი ერთიანი არ არის გამარჯვების ფორმულა,“ - ამ განცხადებას „რეაქციაში“ „ლელოს“ დეპუტატი დავით უსუფაშვილი აკეთებს.
უსუფაშვილის თქმით, ერთიანი სიის ნაცვლად, ოპოზიციამ უნდა შესთავაზოს ალტერნატიული ცენტრები ამომრჩეველს.
მე ასეთი ერთიანი ოპოზიცია პოზიციებთან დაკავშირებით ძნელად მახსენდება, იყო 1990 წლის არჩევნები, როცა ერთ მხარეს იყო კომუნისტური პარტია და მეორე მხარეს იყო საბჭოთა კავშირის წინააღმდეგ, კომუნისტური იმპერიის წინააღმდეგ პოლიტიკური ძალები, იმ არჩევნებში 27 პარტია გატარდა რეგისტრაციაში და იმ შემადგენლობაში ასე იყო - ერთი ცალი პარტია აქ, დანარჩენი ქვეყნის დიამეტრალურად სხვა მიმართულებით განვითარების მომხრე, მას შემდეგ ასეთი ერთიანი ოპოზიციური სპექტრი არ მახსოვს, ამიტომ ძალიან უნდა გავუფრთხილდეთ და ეს უნდა გამოვიყენოთ.
რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია, არჩევნებზე რამდენი სუბიექტი იქნება, რა კონფიგურაციით - ჩვენ ლელო ვუდგებით ამ თემას ძალიან პრაგმატულად, მინიმალური ან სრულიად ემოციებდაცლილი. იმიტომ, რომ ემოციები საჭიროა ამ საერთო ერთობის დასანახად, ეს მოხდა, ამაში ლელომ თავისი წვლილი შეიტანა, პრეზიდენტმა თავისი.
რაც შეეხება დანარჩენს, აქ მნიშვნელოვანია ცივი გონება, კალკულატორი, 5-პროცენტიანი ბარიერის გავლენა პროცესებზე, მოსახლეობაში არსებული გავლენები.
„ლელო“ თავიდანვე ამბობდა, რომ ჩვენი დათვლებით და ანალიზით, ვხედავთ, რომ ერთიან სიას სჯობია 2-3 ალტერნატიული ცენტრები, ალტერნატიული ამომრჩევლის ყურადღების უკეთ ფოკუსირებისთვის და ერად მყოფი იმ ძირითად საკითხებზე, ევროპული არჩევანი, რუსული გავლენების დამთავრება ამ ქვეყანაში, სწრაფი რეფორმები, 9-პუნქტიანი გეგმის სწრაფად შესრულება და სამაგალითოდ თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარება, ეს არის ტექნოლოგია, რომელზეც დიდი ხანია მიდის მსჯელობა. ვიზიარებ იმას, რომ რაც შეიძლება სწრაფად უნდა დასრულდეს ეს თემატიკა, რომ გადავიდეთ სხვა თემებზე -ეს არის თემა ქართული ოცნების ტყუილების მხილება საზოგადოების მეტ ნაწილში,“ - ამბობს დავით უსუფაშვილი.