პოლიციას იყენებენ კრიმინალური საქმეებისთვის და პოლიცია იყენებს კრიმინალებს ამ საქმეების შესასრულებლად - სააკაშვილი
"პოლიციას იყენებენ კრიმინალური საქმეებისთვის და პოლიცია იყენებს კრიმინალებს ამ საქმეების შესასრულებლად" - ამის შესახებ განცხადება საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა სასამართლო პროცესზე გააკეთა.
სააკაშვილმა ქვეყანაში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით ისაუბრა. მისი თქმით, საქართველოში დასაბრუნებელია წესრიგი, ადამიანის უფლებებსა და კანონის უზენაესობაზე დაფუძნებული.
მისი თქმით, დღეს ქვეყანა მაფიოზური სტილით იმართება.
ყველა თავდამსხმელი არის ცნობილი და არავინ არ არის პასუხისგებაში მიცემული, უფრო მეტიც, სრული არეულობა დაიწყო ქვეყანაში. 1-2 კვირის წინ, ვივა მედთან ხიდზე იპოვეს სასიკვდილოდ დაჭრილი ადამიანი იმიტომ, რომ სამარშრუტო ხაზი ვერ გაიყვეს კრიმინალებმა, მანამდე ორი ადამიანი მოკლეს ბანდიტურ გარჩევებში. საქართველოში დასაბრუნებელია წესრიგი, ადამიანის უფლებებსა და კანონის უზენაესობაზე დაფუძნებული. პოლიციამ მიუშვა კრიმინალი საკუთარ მოქალაქეებზე, პოლიციას აღარ აქვს ავტორიტეტი, პოლიციას იყენებენ კრიმინალური საქმეებისთვის და პოლიცია იყენებს კრიმინალებს ამ საქმეების შესასრულებლად. შესაბამისად, ეს კრიმინალური სინდიკატი უნდა დაიშალოს იმიტომ, რომ შეუძლებელია ქვეყანა იმართოს ასე მაფიოზურად" - აღნიშნა მიხეილ სააკაშვილმა.
ცნობისთვის, ამ წუთებში თბილისის საქალაქო სასამართლოში 7 ნოემბრის საქმეზე მიხეილ სააკაშვილის მორიგი პროცესი იმართება. დღეს ბრალდების მხარის მტკიცებულებებს გამოიკვლევენ.