წავა თუ არა პრეზიდენტი NATO-ს სამიტზე პრემიერის ნაცვლად? - რას ამბობს ოპოზიცია
NATO-ს სამიტზე მიწვევა საქართველოს პრემიერს ჯერ არ მიუღია. ოპოზიცია არ გამორიცხავს, რომ ირაკლი კობახიძის ნაცვლად ღონისძიებაზე სალომე ზურაბიშვილი წავიდეს.
ოპოზიციონერი დეპუტატი თეონა აქუბარდია ამბობს, რომ ამის მიზეზი, სავარაუდოდ, ის იქნება, რომ პრემიერი კობახიძე იმ ხელისუფლების ლიდერია, რომელმაც საქართველო ევროატლანტიკურ კურსს დააშორა.
მე პირადად არ ველოდები, რომ საქართველო იქნება პრემიერ-მინისტრით წარმოდგენილი, თუმცა იმ ვითარებაში, როდესაც სხვა ქვეყნის ლიდერები იქნებიან, არა ნატოს წევრი, მე არ გამოვრიცხავ, რომ შესაძლებლობა იყოს პრეზიდენტის, როგორც საქართველოს პირველი პირის მოწვევა ამ სამიტზე და არა პრემიერის, რომელმაც ეს ქვეყანა დააშორა არა მხოლოდ ევროკავშირს, არამედ ნატოსაც, - ამბობს თეონა აქუბარდია.
ირაკლი კობახიძეს შტატებიდან მიპატიჟება ჯერ არ მიუღია. 9 ივლისს ვაშინგტონში პრემიერის მიწვევის შესახებ არაფერს ამბობს არც საგარეო საქმეთა სამინისტრო.
ამის მიუხედავად, ცნობილია, რომ ნატოს სამიტზე საქართველო მიწვეულია და მოწვევებიც უკვე გაგზავნილია, თუმცა ვინ იდგება მსოფლიო ლიდერების გვერდით, ჯერჯერობით უცნობია.