ვიზალიბერალიზაციის გაუქმების საკითხი არასერიოზულია, ის დღის წესრიგში არ დადგება - დავითულიანი
"ოცნების" დეპუტატი ბექა დავითულიანი ამტკიცებს, რომ "ქართული ოცნებას" ანტიდასავლური პოლიტიკა არ აქვს და ეს მხოლოდ "გადარჩენის" პოლიტიკაა. ამასტან, ხელისუფლების წარმომადგენელს არ სჯერა, რომ ევროკავშირი საქართველოსთან ვიზალიბერალიზაციას გააუქმებს. მისი თქმით, ეს არასერიოზულია.
ანტიდასავლური პოლიტიკა „ქართულ ოცნებას“ არ აქვს, „ქართულ ოცნებას“ აქვს დღეს ამ რთულ გეოპოლიტიკურ ვითარებაში გადარჩენის პოლიტიკა და როცა გადავრჩებით, ყველა მიხვდება, რომ ჩვენ მოვიქეცით სწორად და ყველას მოუნდება ჩვენთან ღრმა თანამშრომლობა. ვიზალიბერალიზაციის საკითხი არ არის სერიოზული საკითხი და ეს დღის წესრიგში არ დადგება, აგერ მე და აგერ თქვენ. მთავრობასთან კონტაქტის შემცირება რას ნიშნავს, ამას ვნახავთ მომავალში ანუ შეხვედრებს გააუქმებენ? აღარ ვისაუბრებთ? არა, მე არ მგონია, - ამბობს დავითულიანი.
ევროპული საბჭოს გადამწყვეტ სამიტამდე ერთი დღე რჩება.საქართველოს საკითხი ოფიციალურად დღის წესრიგშია. რა შემზღუდავ ზომებს მიიღებს დასავლეთისგან ოლიგარქის პარტია, წესით, ხვალ გაირკვევა.