"სულ უფრო ემსგავსებით კომუნისტურ პარტიას" - აქუბარდია "ოცნებას"

26.06.24 17:35
"სულ უფრო ემსგავსებით კომუნისტურ პარტიას" - აქუბარდია "ოცნებას"

მხოლოდ ერთი მიზანი გაგაჩნიათ, რომ შეინარჩუნოთ ძალაუფლება და შეინარჩუნოთ თქვენი გავლენები, - ამ სიტყვებით მიმართა ოპოზიციონერმა დეპუტატმა თეონა აქუბარდიამ "ქართულ ოცნებას" პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას, სადაც ცესკოს საკითხზე ვეტოს დაძლევის პროცედურა მიმდინარეობს.  

ოპოზიციის წევრმა მმართველ გუნდს პირდაპირ უთხრა, რომ ის სულ უფრო ემსგავსება იმ კომუნისტურ პარტიას, რომელიც ქვეყანამ წარსულში მოიტოვა. 

მხოლოდ და მხოლოდ ერთი მიზანი გაგაჩნიათ, რომ შეინარჩუნოთ ძალაუფლება და შეინარჩუნოთ თქვენი გავლენები და ამ ვითარებაში, როდესაც კიდევ უფრო ემსგავსებით იმ ერთ კომუნისტურ პარტიას, რომელიც წარსულში მოვიტოვეთ, ამაზე აუცილებალდ იქნება შესაბამისი რეაგირება და რეაგირება ჩემგან არა, ქართველი ხალხის მხრიდან, რომელსაც თქვენ ართმევთ შესაძლებლობას ევროპული მომავლის, - თქვა აქუბარდიამ.

ამ წუთებში "ქართული ოცნება" პრეზიდენტის ვეტოს დასაძლევად ემზადება. არ ითვალისწიენებენ არც ვენეციის კომისიის კრიტიკულ დასკვნას და არც პრეზიდენტის მოტივირებულ შენიშვნებს.  

შეგახსენებთ, რომ "ქართულმა ოცნებამ" ცესკოში ერთადერთი ოპოზიციური თანამდებობა გააუქმა. მმართველმა გუნდმა ცესკოში გააუქმა ასევე საკონსულტაციო საბჭო და მათი გააწყვეტილებით, ცესკოში გადაწყვეტილებებს მიიღებენ მხოლოდ და მხოლოდ მმართველი გუნდის მიერ არჩეული უპარტიო წარმომადგენლები.