პოსტერები საფრთხეს უქმნის მასზე გამოსახული ადამიანების უსაფრთხოებასა და სიცოცხლეს - NGO-ები

24.07.21 20:00
პოსტერები საფრთხეს უქმნის მასზე გამოსახული ადამიანების უსაფრთხოებასა და სიცოცხლეს - NGO-ები

სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება (ISFED) და საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო (TI) თბილისში გაკრულ პოსტერებს ეხმაურებიან და აღნიშნავენ, რომ ისინი თავიანთი შინაარსითა და ფორმით ძალადობისაკენ მოწოდებას წარმოადგენს და საფრთხეს უქმნის მასზე გამოსახული ადამიანების უსაფრთხოებასა და სიცოცხლეს.

"მსგავს შემთხვევას 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის წინაც ჰქონდა ადგილი, აუდიტის სამსახურის მიერ საკითხის გამოკვლევის შემდეგ ბილბორდების ხარჯი დეკლარირებული იქნა შემოწირულებად. ამჯერად კონტექსტი რადიკალურად განსხვავებულია. შემოწირულების გარდა, 5-6 ივლისის მოვლენების ფონზე მასობრივად გავრცელებულ პოსტერის შინაარსი ძალადობისკენ მოწოდებად აღიქმება, აგრეთვე აშკარაა პოსტერების ჰომოფობიური ქვეტექსტიც. შესაბამისად, იმის ფონზე, რომ ბოლო პერიოდის განმავლობაში მმართველი პარტიის მხრიდან სულ უფრო ხშირად გვხვდება სიტყვიერი თავდასხმები კრიტიკული მედიის წარმომადგენელთა მისამართით, პოსტერზე არსებულმა მოწოდებებმა შესაძლოა კიდევ ერთხელ დააყენოს ჟურნალისტები და სამოქალაქო აქტივისტები ჯანმრთელობის დაზიანების და სიცოცხლის მოსპობის საფრთხის ქვეშ". – ნათქვამია ორგანიზაციების საერთო განცხადებაში.

არასამთავრობო ორგანიზაციები მიიჩნევენ, რომ ამგვარი შინაარსის პოსტერების გავრცელება რისკს უქმნის მომავალი საარჩევნო კამპანიის მშვიდ ვითარებაში წარმართვასაც და პოლარიზაციის რისკების გათვალისწინებით ხიფათს წარმოადგენს ჯანსაღი დემოკრატიული პროცესებისთვის.

ISFED და TI მოუწოდებენ:

შესაბამის სამსახურებს, შეასრულონ სახელმწიფოს პოზიტიური ვალდებულება და უზრუნველყონ ჟურნალისტებისა და სამოქალაქო აქტივისტების უსაფრთხოების ადეკვატური დაცვა.
პოლიტიკურ ლიდერებს, გაემიჯნონ გავრცელებული პოსტერების  ძალადობრივ შინაარს და გაავრცელონ მკაფიო გზავნილები ჟურნალისტებისა და სამოქალაქო აქტივისტების უსაფრთხოების მნიშვნელობასთან დაკავშირებით.