ევროკავშირისგან იქნება ისევ ის განცხადებები, რაც აქამდე მოვისმინეთ, არჩევნებში "ოცნების" გამარჯვება ამ სპეკულაციებს დაასრულებს - ქადაგიშვილი
ელოდება თუ არა ივანიშვილის ხელისუფლება ევროკავშირისგან სანქციებს? - "ქართული ოცნება" ამტკიცებს, რომ ივანიშვილის გუნდი ევროპული პოლიტიკური გაერთიანებისგან მიღებულ რეკომენდაციებს პირნათლად ასრულებს და საქართველო მოწინავე ქვეყანათა რიგში დგას.
რუსული კანონის მხარდამჭერი დეპუტატი, ირაკლი ქადაგიშვილი ირწმუნება, რომ საქართველო ლიდერი ქვეყანაა, რომელიც წარმატებით დგამს ნაბიჯს ევროპის დიდ ოჯახში გაერთიანებისკენ.
"არჩევნებში საქართველოს, ანუ "ოცნების" გამარჯვება დაასრულებს ამ სპეკულაციებს" - ამბობს ქადაგიშვილი და იქვე ამატებს, რომ ბრიუსელში ევროპული ლიდერებისგან სწორედ იმ განცხადებებს მოისმენს, რასაც ისინი აქამდე აკეთებდნენ.
იქნება ისევ ის განცხადებები, რა განცხადებებიც აქამდე მოვისმინეთ. სანქციების თემა ურთულესი არის საქართველოსთან მიმართებაში ერთი ძალიან მარტივი მიზეზის გამო. ყველა ობიექტური მონაცემით, მათ შორის, ასოცირების ხელშეკრულების შესრულების კუთხით, რეკომენდაციების შესრულების კუთხით, ყველა რეიტინგით, რითაც კი ქვეყნის წარმატება იზომება, საქართველო არის ლიდერი ქვეყანა. ეს პოლიტიკური მიზნები, რაც ჩვენ ამ ხნის განმავლობაში საქართველოს ევროკავშირთან დაახლოების გზაზე ვიხილეთ, ჯერჯერობით რჩება. არჩევნებამდე ალბათ, ასე გაგრძელდება. არჩევნებში საქართველოს, ანუ "ქართული ოცნების" გამარჯვება დაასრულებს ამ სპეკულაციებს", - ამბობს ქადაგიშვილი.
"ქართული ოცნების" წევრი, ბექა დავითულიანი ევროკავშირისგან სანქციებს არ ელოდება და დასძენს, რომ ვიზალიბერალიზაციის შეწყვეტაზე საუბარი ამაოა.
დაახლოებით იგივე მოლოდინები მაქვს, რაც გუშინწინ გამართულ შეხვედრაზე გაჟღერდა. არაფერი ხელშესახები შედეგი, ალბათ, მაგრამ განცხადებები იქნება გარკვეული. სერიოზულს არაფერს არ ველოდები. ვიზალიბერალიზაციაზე სანქციებს საერთოდ არ ველოდები", - ამბობს დავითულიანი.
"ქართული ოცნება" პოლიტიკური ვერდიქტის მოლოდინშია - ამერიკის შეერთებული შტატების შემდეგ, ივანიშვილის ხელისუფლებას პასუხი ევროკავშირმა უნდა გასცეს.
დღეს ბრიუსელში უნდა გადაწყდეს, რა ფასის გადახდა მოუწევს ივანიშვილის პარტიას ანტიდასავლური განცხადებებისა და რუსული კანონის მიღების გამო. სულ რამდენიმე წუთში დაიწყება ევროპული საბჭოს სამიტი, სადაც ევროკავშირის ყველა ქვეყნის ლიდერი შეიკრიბება და იმსჯელებს იმ სადამსჯელო ღონისძიებებთან დაკავშირებით, რომელიც საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ უნდა გატარდეს.
მოლაპარაკებების მაგიდაზე რამდენიმე მძიმე ვარიანტი დევს. საქმე ეხება "ოცნების" წევრებისთვის სავიზო რეჟიმის შეჩერებას და დიპლომატიური პასპორტების ჩამორთმევას. ასევე მოსალოდნელია, რომ ივანიშვილის რეჟიმის მიერ შეცვლილი საგარეო კურსის გამო, ფინანსური და სამხედრო დახმარება გაიყინოს.