საქართველო იმსახურებს პროგრესის შეფასებას ევროინტეგრაციის გზაზე და არა რაღაც თითიდან გამოწოვილ სანქციებს - სეფაშვილი

27.06.24 12:40
საქართველო იმსახურებს პროგრესის შეფასებას ევროინტეგრაციის გზაზე და არა რაღაც თითიდან გამოწოვილ სანქციებს - სეფაშვილი

რუსული კანონის მხარდამჭერი დეპუტატი, ეკა სეფაშვილი ევროკავშირის მოსალოდნელ სანქციებს "თითიდან გამოწოვილს" უწოდებს და ევროპულ საბჭოს გადაწყვეტილების პოლიტიკური ნიშნით მიღებაში ადანაშაულებს.

"იმედია, საქართველოს შეაფასებს ისე, როგორც ამას ვიმსახურებთ და არა როგორც ეს პოლიტიკური გადაწყვეტილებებით ზოგჯერ ხდებოდა" - ამბობს "ხალხის ძალის"  საერთაშორისო ურთიერთობების მდივანი და იქვე ამატებს, რომ საქართველო ევროინტეგრაციის გზაზე პროგრესს იმსახურებს.

სეფაშვილი ირწმუნება, რომ ევროკავშირის მხრიდან რუსული კანონის ხელმომწერი პირებისთვის შეზღუდვების დაკისრება საზოგადოებაში ბრაზსა და გაღიზიანებას გამოიწვევს.

იმედს გამოვთქვამ, რომ ევროპული საბჭო გამოიჩენს კეთილგონიერებას და საქართველოს პროგრესს ევროინტეგრაციის, დემოკრატიის განმტკიცების მიმართულებით შეაფასებს ისე, როგორც ამას იმსახურებს საქართველო და არა როგორც ეს პოლიტიკური გადაწყვეტილებებით ზოგჯერ ხდებოდა. მე ვფიქრობ, რომ საქართველო იმსახურებს, მხოლოდ და მხოლოდ, პროგრესის შეფასებას ამ გზაზე და არა რაღაც თითიდან გამოწოვილ სანქციებს, რომელიც პირიქით, საქართველოს მოსახლეობაში უსამართლობის განცდას აღვივებს", - ამბობს ეკა სეფაშვილი.

"ქართული ოცნება" პოლიტიკური ვერდიქტის მოლოდინშია - ამერიკის შეერთებული შტატების შემდეგ, ივანიშვილის ხელისუფლებას პასუხი ევროკავშირმა უნდა გასცეს.

დღეს ბრიუსელში უნდა გადაწყდეს, რა ფასის გადახდა მოუწევს ივანიშვილის პარტიას ანტიდასავლური განცხადებებისა და რუსული კანონის მიღების გამო. სულ რამდენიმე წუთში დაიწყება ევროპული საბჭოს სამიტი, სადაც  ევროკავშირის ყველა ქვეყნის ლიდერი შეიკრიბება და იმსჯელებს იმ სადამსჯელო ღონისძიებებთან დაკავშირებით, რომელიც საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ უნდა გატარდეს.

მოლაპარაკებების მაგიდაზე რამდენიმე მძიმე ვარიანტი დევს. საქმე ეხება "ოცნების" წევრებისთვის სავიზო რეჟიმის შეჩერებას და დიპლომატიური პასპორტების ჩამორთმევას. ასევე მოსალოდნელია, რომ ივანიშვილის რეჟიმის მიერ შეცვლილი საგარეო კურსის გამო, ფინანსური და სამხედრო დახმარება გაიყინოს.