ივანიშვილის ყოფილი მრჩეველი ქართველ ოლიგარქს აკრიტიკებს

27.06.24 13:04
ივანიშვილის ყოფილი მრჩეველი ქართველ ოლიგარქს აკრიტიკებს

ბიძინა ივანიშვილის ყოფილი მრჩეველი, ლინკოლნ მიტჩელი ქართველ ოლიგარქს აკრიტიკებს - კოლუმბიის უნივერსიტეტის პროფესორი ღიად აცხადებს, რომ საქართველოს არა მთავრობა, არამედ ივანიშვილი მართავს, რომელიც ყველანაირ გადაწყვეტილებას პერსონალურად იღებს.

ამერიკელი მკვლევრის შეფასებით, ქვეყნის დემოკრატია საფრთხის წინაშე დგას, რადგან მიტჩელის განმარტებით, ივანიშვილის რეჟიმის პირობებში საქართველო ავტორიტარული მმართველობისკენ მიიწევს.

ლინკოლნ მიტჩელი დარწმუნებულია, რომ რუსული კანონი კრემლის დაკვეთაა, რომლის ხელახლა ინიცირებით "ქართულმა ოცნებამ" 2024 წლის არჩევნებში მოგების ყველანაირი შანსი დაკარგა.

მე კარგად ვიცნობდი ბიძინას 2011-2012 წლებში. ბიძინასთვის ყველაფერი პერსონალურია. ვისთან აქვს ახლო ურთიერთობა, ვისზე გაბრაზდა გუშინ, ვისზე გაბრაზდება ხვალ. ამიტომ ჩვენ არ შეგვიძლია, გავიგოთ საქართველოს ხელისუფლების მიმართულება. მე არ ვსაუბრობ ქართველ ხალხზე, ვიცით, თუ რა სურთ მართ. აქ პრემიერ-მინისტრი არ მართავს ქვეყანას, ბიძინა აკონტროლებს მათ. ბიძინას არ უჭირავს რაიმე თანამდებობა, მაგრამ ის მართავს კულისებიდან ყველაფერს, რაც წნეხის ქვეშ ამყოფებს მთავრობის წევრებს. მათ უნდათ ბიძინასთან დაახლოება. გაატარონ დრო მასთან. ვფიქრობ, რომ ეს კანონი რუსეთიდან არის ნაკარნახევი. არ ვიცი, რა კომუნიკაცია შედგა მათ შორის, მაგრამ მიაღწიეს შეთანხმებას. რეალურად, ეს ცუდი იდეა იყო. ეს არ არის კარგი კანონი, მაგრამ ბიძინას არ ადარდებს ეს. "ქართულ ოცნებას" არჩევნების მოგების კარგი შანსი ჰქონდა, მაგრამ ამ კანონის ინიციირებით შეიმცირეს შანსები. ქვეყანაში არავინ იყო, ვინც ბიძინას ეტყოდა არას. ამიტომ ვართ ახლა ამ მდგომარეობაში", - ამბობს ლინკოლნ მიტჩელი.

გადამწყვეტი ისტორიული მომენტი დემოკრატიისთვის და საფრთხეები, რომელიც საქართველოში არსებობს - ეს არის მთავარი საკითხი, რომელზეც მსოფლიოდან შეკრებილი ექსპერტები თბილისში ამ წუთებში მსჯელობენ.