გენერალური პროკურორობის კანდიდატად საპროკურორო საბჭოს კიდევ ორი კანდიდატი წარედგინა

28.06.24 12:24
გენერალური პროკურორობის კანდიდატად საპროკურორო საბჭოს კიდევ ორი კანდიდატი წარედგინა

პაატა შავაძე და ვიქტორ ახალბედაშვილი -  საქართველოს გენერალური პროკურორის ვაკანტურ თანამდებობაზე საპროკურორო საბჭოს კიდევ ორი კანდიდატი წარედგინა.

ინფორმაციას საპროკურორო საბჭო ავრცელებს.

"იურისტმა და ადვოკატმა პაატა შავაძემ საპროკურორო საბჭოს საკუთარი კანდიდატურა პირადად წარუდგინა. 
იურისტი და ადვოკატი ვიქტორ ახალბედაშვილი ა.ი.პ. „უფლებათა დაცვის ცენტრმა“ წარმოადგინა.
ამ ეტაპზე სულ 11 კანდიდატურაა დარეგისტრირებული.
საბჭოსთვის წარდგენილი კანდიდატების ვინაობა საჯაროა და მონაცემები საპროკურორო საბჭოს ვებგვერდზე http://pc.gov.ge/ აიტვირთება.
,პროკურატურის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის თანახმად, გენერალურ პროკურორად შეიძლება არჩეულ იქნეს ნასამართლობის არმქონე, უმაღლესი იურიდიული განათლების მქონე საქართველოს მოქალაქე, რომელიც ზნეობისა და პროფესიული თვისებების გამო სარგებლობს მაღალი ავტორიტეტით და რომელსაც აქვს სისხლის სამართლის საქმეების განმხილველ მოსამართლედ ან პროკურორად ან სისხლის სამართლის საქმეებზე ადვოკატად მუშაობის არანაკლებ 5 წლის გამოცდილება ან აქვს იურისტის პროფესიით მუშაობის არანაკლებ 10 წლის გამოცდილება და იმავდროულად არის სისხლის სამართლის დარგის აღიარებული სპეციალისტი უმაღლესი აკადემიური წრეებიდან ან სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციიდან.
ერთთვიანი კონსულტაციების შედეგად საპროკურორო საბჭო შეარჩევს გენერალური პროკურორობის არანაკლებ 3 კანდიდატს, რომელთა ერთი მესამედი მაინც განსხვავებული სქესის უნდა იყოს.
გენერალური პროკურორობის კანდიდატებს საპროკურორო საბჭოს სხდომაზე ცალ-ცალკე ეყრებათ კენჭი. არჩეულად ჩაითვლება ის კანდიდატი, რომელიც მიიღებს მეტ ხმას, მაგრამ არანაკლებ საპროკურორო საბჭოს სრული შემადგენლობის ორი მესამედისა. საპროკურორო საბჭო შერჩეულ კანდიდატს შესაბამისი დასაბუთებით წარუდგენს საქართველოს პარლამენტს, რომელიც სრული შემადგენლობის უმრავლესობით ირჩევს საქართველოს გენერალურ პროკურორს.
კონსულტაციები და გენერალური პროკურორობის კანდიდატების წარდგენა გუშინ, 27 ივნისს, 00:00 საათზე დასრულდა.
საპროკურორო საბჭო გენერალური პროკურორობის კანდიდატს მეხუთედ შეარჩევს. ამ ფორმატით პირველი არჩევნები 2015 წელს გაიმართა," - წერია განცხადებაში.