საავტობუსო ზოლებში მოტოციკლებისა და მოპედების მოძრაობა დასაშვები ხდება? - რა თქვა კალაძემ

28.06.24 12:40
საავტობუსო ზოლებში მოტოციკლებისა და მოპედების მოძრაობა დასაშვები ხდება? - რა თქვა კალაძემ

თბილისის მერია ამზადებს საკანონმდებლო პაკეტს, რომელიც საავტობუსო ზოლებში მოტოციკლებისა და მოპედების მოძრაობას ითვალისწინებს - კახა კალაძის თანახმად, ეს გადაწყვეტილება სხვა ქვეყნების მაგალითზე იქნა მიღებული.

„სატრანსპორტო პოლიტიკას დიდ ყურადღებას ვუთმობთ. გვყავს საერთაშორისო კომპანიები და უცხოელი ექსპერტები დაქირავებული, რომლებიც სწორ დაგეგმარებაში გვეხმარებიან, როგორ უნდა მოწესრიგდეს საგზაო ინფრასტრუქტურა. შევისწავლეთ რამდენიმე ქვეყნის საუკეთესო პრაქტიკა და ვნახეთ, რომ მოტოციკლებს და მოპედებს, შესაბამისი რეგულაციების გათვალისწინებით, აქვთ უფლება იმოძრაონ საავტობუსო ზოლებში. ასეთი პრაქტიკაა დიდ ბრიტანეთში, ესპანეთის სხვადასხვა ქალაქში და ა.შ. მოტოციკლებისა და მოპედების საავტობუსო ზოლებში მოძრაობის დაშვების ერთ-ერთი მთავარი მიზანი საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების გაუმჯობესებაა. ამას ხელს უწყობს ის გარემოება, რომ საავტობუსო ზოლში მოტოციკლებისა და მოპედების მოძრაობით საგზაო მოძრაობის სხვა მონაწილეებისთვის უფრო მარტივდება მათი დანახვა, რაც მკვეთრად ამცირებს საგზაო შემთხვევებს“, - განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, საკანონმდებლო პაკეტი დასამტკიცებლად საქართველოს პარლამენტს გადაეგზავნება.

პარლამენტის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის დამტკიცების შემდეგ, დედაქალაქის საკრებულოს წარედგინება შესაბამისი წესი და პირობები, თუ როგორ, რა დაშვებითა და შეზღუდვებით შეეძლებათ მოტოციკლებსა და მოპედებს საავტობუსო ზოლში მოძრაობა.