ირაკლი ზარქუამ ევროსაბჭო და ევროპარლამენტი ფაქტობრივად "გლობალური ომის პარტიად" გამოაცხადა
"ქართული ოცნების" დეპუტატმა ირაკლი ზარქუამ ევროსაბჭო და ევროპარლამენტი "გლობალური ომის პარტიად" გამოაცხადა.
ზარქუა ისევ რევოლუციაზე და ისევ მეორე ფრონტზე ალაპარაკდა.
"ვერ ეღირსებიან" - ამბობს "ოცნების" დეპუტატი.
მე ვიცი ევროსაბჭოში, მათ შორის ევროპარლამენტშიც, ეს არის ერთი გლობალური ომის პარტია, რომელიც დირიჟორობს ამას. ამათი პატრონები და რატომ... რომ რამენაირად საქართველო არ იყო სუვერენული სახელმწიფო, რამენაირად ტავისუფლება შეუზღუდონ. რამენაირად აქ მარგინალები დააფინანსონ, რევოლუცია მოადინონ და შემდეგ ფრონტის ხაზი გაიხსნას მეორე. ვერ ეღირსებიან, იმიტომ, რომ როგორც არასდროს, ისე ვართ ქართველი ერი ერთნი ამაში, რომ დიახ, ქართველი ხალხის და სახელმწიფოს ინტერესშია მშვიდობა. ობიექტურად, სამართლიანად, ჩვენს დამსახურებით მივიღეთ კანდიდატის სტატუსი და შემდეგ ევროინტეგრაციაა", - განაცხადა ირაკლი ზარქუამ.
შეგახსენებთ, რომ ევროპული საბჭო ბრიუსელში სამიტს მართავს. ამ სამიტიდან კი "ოცნების" ხელისუფლებას უკვე შემოუთვალეს, რომ მათ წინააღმდეგ განიხილავენ სანქციებს, რადგან ქვეყანაში დემოკრატიის გზაზე უკუსვლას ხედავენ.
ცნობისთვის, ევროპული საბჭოს სამიტის შემდეგ EU-ს ლიდერებმა განცხადება გაავრცელეს, სადაც საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდეს, განმარტოს თავისი განზრახვები ქვეყნის კურსის ცვლილებასთან დაკავშირებით.
დღეს საღამოს ბრიუსელში ევროპელი ლიდერები ორდღიან სამიტს შემაჯამებენ და დიდი მოლოდინი არსებობს, რომ ევროკავშირი გამოაცხადებს გადაწყვეტილებას, თუ რა ზომებს გაატარებენ საქართველოს ხელისუფლების ანტიდასავლურ ქმედებებზე.