ურთიერთობების გადატვირთვა აშშ-სთან და 2030 წლისთვის საქართველოს EU-ში გაწევრიანება - რა გეგმა აქვს კობახიძეს

28.06.24 13:33
ურთიერთობების გადატვირთვა აშშ-სთან და 2030 წლისთვის საქართველოს EU-ში გაწევრიანება - რა გეგმა აქვს კობახიძეს

აშშ-ისთან ურთიერთობების გადატვირთვა და 2030 წლისთვის საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანება - პრემიერი ირაკლი კობახიძე პარლამენტის ტრიბუნიდან პარტნიორების მისამართით კიდევ ერთხელ ახმოვანებს მთავარ გზავნილებს.

პრემიერი ისევ ამტკიცებს, რომ საქართველო 2030 წლისთვის მზად იქნება ევროკავშირის სრულფასოვანი წევრობისთვის, თუმცა არ ახსენებს იმ კრიტიკას, რომელიც პარტნიორების მხრიდან მოდის.

ჩვენთვის, რა თქმა უნდა, საგარეო პოლიტიკურ პრიორიტეტად რჩება ევროკავშირში ინტეგრაცია. რა თქმა უნდა, გაგრძელდება ასოცირების დღის წესრიგით და 9 პრიორიტეტით გათვალისწინებული პირობების შესრულება. კიდევ ერთხელ ვიტყვი, 2030 წლისთვის საქართველო კანდიდატ ქვეყნებს შორის ყველაზე მეტად იქნება მზად იმისთვის, რომ გახდეს ევროკავშირის სრულუფლებიანი წევრი ქვეყანა.
რა თქმა უნდა, გავაგრძელებთ აქტიურ თანამშრომლობას ნატო-სთან - მე მქონდა შეხვედრები ნატო-ს ხელმძღვანელობასთან და მონაწილეობა მივიღე ნატო-საქართველოს კომისიის სხდომაში, სხვადასხვა მიმართულებით გვაქვს ძალიან პროდუქტიული თანამშრომლობა, მათ შორის სამხედრო, თავდაცვის სფეროში და რა თქმა უნდა, ამ თანამშრომლობის გაღრმავება დარჩება ჩვენი ხელისუფლების ერთ-ერთ უმთავრეს პრიორიტეტად,“ - ამბობს პრემიერი.

კობახიძე ამბობს, რომ ხელისუფლებისთვის ნატო-სთან თანამშრომლობა უმნიშვნელოვანესია. ასევე ამბობს, რომ საქართველოს მთავრობა აშშ-ისთან ურთიერთობების გადატვირთვას ემხრობა.

საქართველოს მთავრობა მოწოდებულია თვისი წვლილი შეიტანოს აშშ-ისთან ურთიერთობის გადატვირთვაში, რაც 2020 წლიდან განვითარებული მოვლენების ფონზე აუცილებლად გვესახება. გვაქვს დიდი იმედი, რომ იქნება შემხვედრი ნაბიჯები, რა თქმა უნდა, საქართველო-ამერიკის შეერთებული შტატების ურთიერთობის განვითარება-გაღრმავება არის სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ჩვენი ქვეყნისთვის,“ - ამბობს პრემიერი.