ბიჭები არ შეუშინდნენ, დადგნენ ორ ფეხზე. სადაც დავდგებით ორ ფეხზე იქ საქართველო გაიმარჯვებს - პრემიერი
"სწორედ იმიტომ, რომ ბიჭები ორ ფეხზე დადგნენ, ჩვენ მივაღწიეთ წარმატებას და გამარჯვებას, სადაც დავდგებით ორ ფეხზე იქ საქართველო გაიმარჯვებს," - ამ განცხადებას პრემიერი ირაკლი კობახიძე აკეთებს და ეროვნული ნაკრების ისტორიულ გამარჯვებას ასე ეხმაურება.
პრემიერი ეროვნული ნაკრების წარმატებას პოლიტიკურ პროცესებს ადარებს და "ქართული ოცნების" მთავარ გზავნილს "ცალ ფეხზე" დადგომასთან დაკავშირებით იმეორებს. მანამდე პრემიერს აქვს ნათქვამი კანდიადატის სტატუსის მონიჭებასთან დაკავშირებით, რომ "ვინმეს თუ წარმოუდგენია, რომ ცალ ფეხზე დაგვაყენებენ და წაგვაქცევენ, ასე არ იქნება, ჩვენ დავდექით ორ ფეხზე და მივიღეთ კანდიდატის სტატუსი".
გვყავდა ძალიან რთული, ურთულესი მეტოქეები უკვე ევროპის ჩემპიონატზე, თუმცა ბიჭები არ შეუშინდნენ, დადგნენ ორ ფეხზე. გახსოვთ ეს ცნობილი მეტაფორა, სწორედ იმიტომ, რომ ბიჭები ორ ფეხზე დადგნენ, ჩვენ მივაღწიეთ წარმატებას და გამარჯვებას, სადაც დავდგებით ორ ფეხზე იქ საქართველო გაიმარჯვებს,“ - ამბობს პრემიერი.
ამ სიტყვებამდე რამდენიმე წამით ადრე კი თავად პრემიერი ამბობდა, რომ ფეხბურთი უნდა იყოს აპოლიტიკური და ამაზე თავად იზრუნებს.
ბევრი ინტერპრეტაცია მიეცა ჩვენს საფეხბურთო წარმატებას, მათ შორის ოპოზიცია ცდილობდა თავისი ინტერპრეტაციები მიეცა საფეხბურთო წარმატებისთვის, ზოგადად, სასურველია, რომ ფეხბურთი იყოს დაცლილი პოლიტიკური კონტექსტისგან, ფეხბურთი არის ყველასთვის, ფეხბურთელი არის ყველასი და ასე უნდა დარჩეს ეს სფერო, ვიღაცები ცდილობენ, რომ სხვანაირად წარმართონ პროცესები, თუმცა ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იისთვის, რომ გავუფრთხილდეთ სპორტის აპოლიტიკურობას, აპოლიტიკური უნდა იყოს სპორტი და ამაზე მაქსიმალურად ვიზრუნებ,“ - ამბობს პრემიერი.