"რიგგარეშე არჩევნები არ ჩატარდა", "კაბალური შეთანხმება", "ომში ჩართვა", "ყალბი მესიჯი - ე.წ. რუსულ კანონზე" - პრემიერის შეჯამება
"ეს პარლამენტი შედგა, არ ჩატარდა რიგგარეშე არჩევნები, ჩვენ წარმატებით დავძლიეთ ეს ხელოვნური პოლიტიკური კრიზისი, რომელიც გამოვიარეთ," - ასე აჯამებს პრემიერი ირაკლი კობახიძე გასულ წლებს და კიდევ ერთხელ ადანაშაულებს ოპოზიციას ქვეყანაში კრიზისული მდგომარეობის შექმნაში.
ირაკლი კობახიძე "კაბალურ პოლიტიკურ შეთანხმებად" მოიხსენიებს შარლ მიშელის დოკუმენტზე ხელმოწერას და ოპონენტებს აკრიტიკებს.
პრემიერი საუბრობს რუსულ კანონზეც და ისევ იმეორებს, რომ კონტრარგუმენტები არ მოუსმენია ამ კანონის საწინააღმდეგოდ.
ქვეყანას არ მიეცა დამშვიდების საშუალება, ოპოზიცია უარს ამბობდა პარლამენტში შემოსვლაზე. ამ პროცესების გამო ჩვენ მოგვიწია მოლაპარაკებებში შესვლა, გარკვეული კაბალური პოლიტიკური შეთანხმების ხელმოწერა. აბსოლუტურად ალოგიკური მოთხოვნა იყო ჩადებული ამ პოლიტიკურ შეთანხმებაში, იყო ხელოვნური პროცესები, რომელთა გამო ქვეყანა ვერ დამშვიდდა ერთი წლის განმავლობაში.
ყველას გახსოვთ, როგორ ითხოვდა ჩვენგან ოპოზიცია სანქციებთან მიერთებას, უკრაინაში მებრძოლი მოხალისეების გაგზავნას მთავრობის ოფიციალური თანხმობით, მათი სურვილი იყო, პრაქტიკულად, გაცხადებული - ეს იყო ომში ქვეყნის ჩართვა. შემდეგ ივნისში გვითხრეს უარი კანდიდატის სტატუსზე, დღემდე ვერ მოვისმინეთ ვერცერთი არგუმენტი ამასთან დაკავშირებით, მოთხოვნებიც კი არ ჰქონდა დაყენებული. ოპოზიციამ სცადა ამ მოვლენის გამოყენება ქვეყანაში ხელისუფლების გადატრიალების მოსაწყობად.
ყველას გახსოვთ, რომ ვიდრე კანდიდატის სტატუსი მოგვენიჭებოდა, მანამდე წელიწადნახევრის განმავლობაში ხელოვნური ტურბულენტობის პირობებში აცხოვრეს ეს ქვეყანა, რაც ძალიან ცუდია, სამწუხაროა.
ასევე, გახსოვთ ის პროცესები, რაც დაუკავშირდა გამჭვირვალობის შესახებ კანონის ინიცირებას. ჯერ შარშან, მერე უკვე წელს, იყო აბსოლუტურად ყალბი მესიჯი - ე.წ. რუსულ კანონთან დაკავშირებით, საბოლოო ჯამში, ყველამ თავი აარიდა დებატებში შემოსვლას ამ კანონთან დაკავშირებით.
მე მინდა, თითოეულ თქვენგანს საქართველოს პარლამენტის წევრებს მადლობა გადაგიხადოთ ერთსულოვნებისა და პრინციპულობისთვის, რომელიც თქვენ გამოავლინეთ ქართული სახელმწიფოს წინაშე.
ეს პარლამენტი შედგა, არ ჩატარდა რიგგარეშე არჩევნები, ჩვენ წარმატებით დავძლიეთ ეს ხელოვნური პოლიტიკური კრიზისი, რომელიც გამოვიარეთ და ამ ყველაფრის ფონზე ჩვენ დოლარში ნომინალური ეკონომიკა გავაორმაგეთ. წარმოიდგინეთ, დამშვიდების საშუალება რომ მოეცათ ამ ქვეყნისთვის, სად წავიდოდა ჩვენი ეკონომიკა,“ - ამბობს პრემიერი.