ვის გულისხმობს "გლობალური ომის პარტიაში" მმართველი ძალა - პრემიერის ახსნა-განმარტება
ვის გულისხმობს "ქართული ოცნება", როდესაც გლობალური ომის პარტიაზე საუბრობს - პრემიერმა პარლამენტში ხელისუფლების მესიჯბოქსის განმარტება სცადა.
კობახიძის თქმით, სახელისუფლებო გუნდი "გლობალური ომის პარტიაზე" საუბრობდა, "რათა დაეცვათ დასავლელი პარტნიორების რეპუტაცია და თავიდან აეცილებინათ მათზე დარტყმა”.
"აშშ-საც და ევროკავშირსაც სჭირდება დეოლიგარქიზაცია" - იმეორებს პრემიერი.
კონკრეტული უსამართლო განცხადებები კეთდებოდა ევროპული და ამერიკული ინსტიტუტების სახელით. ამას აკეთებდნენ ევროპარლამენტარები, სენატორები, კონგრესმენები, ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები.
იმისთვის, რომ ჩვენ თავიდან აგვერიდებინა დასავლური ინსტიტუტების რეპუტაციის დაზიანება ქართული საზოგადოების თვალში, ჩვენ ვსაუბრობდით გლობალური ომის პარტიაზე. რაც სიმართლეც არის, ყველაფერთან ერთად. ერთი, რომ ეს გვაძლევდა დასავლურ ინსტიტუტებზე დარტყმის თავიდან აცილების საშუალებას და მეორე, სიმართლეც ეს არის.
სინამდვილეში, ყველა ეს ნაბიჯი იდგმებოდა არა ამერიკული და ევროპული ინსტიტუტების მხრიდან, არამედ ე.წ გლობალური ომის პარტიის მხრიდან, რომელსაც, სამწუხაროდ, აქვს სერიოზული გავლენა ოფიციალურ ინსტიტუტებზე როგორც ერთი, ისე – მეორე მიმართულებით.
იმისთვის, რომ საზოგადოებას შექმნოდა არასწორი წარმოდგენა, რომ ჩვენ გვერჩის ევროკავშირი ან აშშ, ჩვენ ვსაუბრობდით გლობალური ომის პარტიაზე. სინამდვილეში სიმართლე არის სხვაგან, არის გლობალური ომის პარტია, რომელსაც აქვს არსებითი გავლენა ოფიციალურ სტრუქტურებზე ერთი და მეორე მიმართულებით, აშშ-საც და ევროკავშირსაც სჭირდება დეოლიგარქიზაცია და მე იმედი მაქვს, რომ პროცესები ამ მიმართულებით წარიმართება, შესაბამისად, შემცირდება ზეწოლა საქართველოზე. შესაბამისად, თუ ვინმე ეწეოდა ანტიდასავლურ დეზინფორმაციას, ეს იყო სწორედ ოპოზიცია", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.