36 ქვეყნის მოწოდება, რომ „ოცნებამ“ კანონი გაიწვიოს, მორიგი მცდელობაა, რომ საქართველო ევროინტეგრაციის გზაზე დაბრუნდეს - ჩიხლაძე

29.06.24 12:38
36 ქვეყნის მოწოდება, რომ „ოცნებამ“ კანონი გაიწვიოს, მორიგი მცდელობაა, რომ საქართველო ევროინტეგრაციის გზაზე დაბრუნდეს - ჩიხლაძე

„სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრის, სერგო ჩიხლაძის განცხადებით, 36 ქვეყნის მოწოდება, რომ „ქართულმა ოცნებამ“ რუსული კანონი გაიწვიოს, მორიგი მცდელობაა იმისა, რომ საქართველო ევროინტეგრაციის გზაზე დაბრუნდეს.

თუმცა ჩიხლაძეს ამის არ სჯერა, რადგან ოპოზიციონერის თქმით, „ქართული ოცნება“დიდი ხანია აღარ რეაგირებს მოწოდებებზე, შეგონებებზე და წერილებზე. 

„დასავლეთში, ჩვენ მეგობრებს ძალიან კარგად ესმით, რომ რუსული კანონი რეალურ საფრთხეს უქმნის სამოქალაქო საზოგადოებას, თავისუფალ მედიას და არის ავტორიტარიზმის ინსტრუმენტი, როგორც რუსეთში და სხვა მსგავს ქვეყნებშია. ასევე, ეს არის „ქართული ოცნების“ პოლიტიკური ჟესტი, რომ მან უარი თქვა დასავლურ ინტეგრაციაზე, დასავლურ ღირებულებებზე და ჩრდილოეთისკენ მიდის. ამიტომ, ეს წერილიც არის ჩვენი პარტნიორების, მეგობრების მორიგი მცდელობა, რომ საქართველო დაბრუნდეს ევროინტეგრაციის გზაზე. თუმცა, სამწუხაროდ, დარწმუნებული ვარ, რომ „ქართული ოცნება“დიდი ხანია აღარ რეაგირებს მოწოდებებზე, შეგონებებზე, წერილებზე, ამიტომ, ერთადერთი ქმედითი ბერკეტი, რომ საქართველო დაბრუნდეს ევროინტეგრაციის გზაზე, არის ოქტომბრის არჩევნები, სადაც ივანიშვილი და „ქართული ოცნება“ ჩამოშორდება ხელისუფლებას“, - განაცხადა ჩიხლაძემ.

ახალი გაფრთხილება საქართველოს ხელისუფლებას - ივანიშვილის პარტიას, 36 ქვეყანა მოუწოდებს, შეწყვიტონ ძალადობა  და უკან გაიწვიონ რუსული კანონი. ამ განცხადების სულისკვეთებასს იზიარებს ამერიკის შეერთებული შტატები, დიდი ბრიტანეთი, საფრანგეთი, გერმანია და ბელგიაც. დოკუმენტი, ჟენევაში ლიტვის მისიამ გაასაჯაროვა.