რუსული კანონი ქვეყანაში არ არსებობს! მართლა სულელები ხომ არ ვგონივართ ვინმეს... - კალაძე პარტნიორებისგან განმარტებებს ითხოვს
"ქართული ოცნების" პირველი გამოხმაურება 36 ქვეყნის საგანგებო განცხადებაზე - კახი კალაძე მეგობარ სახელმწიფოებს არგუმენტებს უწუნებს. ივანიშვილის პარტიის გენერალური მდივანი ფიქრობს, რომ რუსული კანონის შესახებ მთელ მსოფლიოში არასწორი წარმოდგენები არსებობს და ადამიანის უფლებებს საქართველოში არავინ არღვევს.
მართლა სულელები ხომ არ ვგონივართ ვინმეს... - ამბობს კალაძე.
რუსული კანონი ქვეყანაში არ არსებობს, არ მიღებულა. ერთადერთი რუსულ საქმეს ვინც აკეთებდა ეს იყო სააკაშვილის ხელისუფლება თავისი პოლიტიკური ქმედებებით. შეიძლება, ხვალვე გადაიდგას ნაბიჯი და დაიწყოს მსჯელობა კანონთან დაკავშირებით. უბრალოდ, ამდენი ხნის განმავლობაში ვითხოვთ, წარმოდგენილი იყოს ერთი არგუმენტი, რატომ არის ცუდი, ან რატომ შეიძლება შეიზღუდოს მედია, არასამთავრობო ორგანიზაციები. შენ თუ კეთილ საქმეს აკეთებ და გულში ბოროტი ზრახვები არ გაქვს ჩადებული, რომ რაღაც ფინანსური მაქინაციებით ქვეყანაში მოაწყო არეულობა, რევოლუციები, დააფინანსო ექსტრემისტული ორგანიზაციები, თუ ეს არ გაქვს ზრახვაში, მაშინ რა პრობლემაა დეკლარაციის წარმოდგენა. მეგობრობა გამოიხატება იმაში, რომ თუ მე რაიმეს არასწორს ვაკეთებ მითითება მომცე კონკრეტული არგუმენტებით ჩემი გადადგმული ნაბიჯი რატომ არის არასწორი, მაგრამ როდესაც შენ არანაირ ახსნა-განმარტებას არ მაძლევ, რატომ არის ცუდი კანონი, რომელიც გამჭვირვალობას ეხება და გამჭვირვალობა როგორ შეიძლება იყოს რუსული. უბრალოდ ვერ წარმომიდგენია და მართლა სულელები ხომ არ ვგონივართ ქართველები ვინმეს", - ამბობს კალაძე.
ახალი გაფრთხილება საქართველოს ხელისუფლებას - ივანიშვილის პარტიას, 36 ქვეყანა მოუწოდებს, შეწყვიტონ ძალადობა და უკან გაიწვიონ რუსული კანონი. ამ განცხადების სულისკვეთებასს იზიარებს ამერიკის შეერთებული შტატები, დიდი ბრიტანეთი, საფრანგეთი, გერმანია და ბელგიაც. დოკუმენტი, ჟენევაში ლიტვის მისიამ გაასაჯაროვა.